ენერგეტიკის შესახებ

  • Word
ენერგეტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 22/09/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 20, 22/09/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.05.001.000.084
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
559
22/09/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 20, 22/09/1994
300.350.000.05.001.000.084
ენერგეტიკის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/06/1997 - 16/10/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

ენერგეტიკის შესახებ

 კანონი განსაზღვრავს ენერგეტიკის, როგორც სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის წამყვანი შემადგენელი ნაწილის, ადგილს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ მეურნეობაში, მისი ფუნქციონირების სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს; აწესრიგებს ურთიერთობას ელექტრული და თბური ენერგიის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური კავშირების სფეროში, განსაზღვრავს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა უფლება-მოვალეობებს ამ დარგში, უზრუნველყოფს მის ნორმალურ მუშაობასა და გონივრულ განვითარებას საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

    მუხლი 1. ენერგეტიკის დარგი და მისი ადგილი საქართველოს სამეურნეო კომპლექსში

1. ენერგეტიკა, როგორც სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის შემადგენელი ნაწილი, არის ეკონომიკის საბაზისო დარგი, რომლის განვითარება პრიორიტეტულია და საბაზრო ურთიერთობის პრინციპებს ემყარება.

2. ენერგეტიკის დარგი მოიცავს ელექტრული და თბური ენერგიის გამომმუშავებელ, გადამცემ და გამანაწილებელ სამრეწველო საწარმოთა, ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსებს, სამეცნიერო-კვლევითს, საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, გამმართავ და სასწავლო ორგანიზაციებს თავიანთი საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურით.

3. ენერგეტიკის დარგის დანიშნულებაა ადგილობრივი რესურსების უპირატესი გამოყენებისა და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკურად და ტექნიკურად გამართლებული სამეურნეო კავშირების ბაზაზე მოსახლეობისა და სამეურნეო კომპლექსის ელექტრული და თბური ენერგიით უზრუნველყოფა მისი რაციონალური წარმოებისა და მოხმარების საფუძველზე.

4. ენერგეტიკის დარგის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სათბობით მომარაგება ხორციელდება ადგილობრივი წარმოების, აგრეთვე ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური კავშირების მეშვეობით საკონტაქტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ფარგლებში. საგანგებო პირობებში მას არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

    მუხლი 2. საკუთრების ფორმები

1. ენერგეტიკის დარგის სახელმწიფო საკუთრების ობიექტები ექვემდებარება განსახელმწიფოებრიობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზება მათი სხვა დანიშნულებით გამოყენებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების დაუსაბუთებელი შეცვლის საფუძველი ვერ გახდება. ამის შესაბამისად დარგის მმართველი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია დასვას ობიექტის ნაციონალიზაციის საკითხი.

2. რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსის სხვა დარგების საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული ობიექტების მიმართ სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ ტექნიკური ზედამხედველობისა და დისპეტჩერული მართვის ფუნქციებს.

3. რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების ენერგეტიკული მიზნით გამოყენების ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3. ენერგეტიკის დარგის ობიექტების ფუნქციონირების სამართლებრივი, ორგანიზაციული და სოციალ-ეკონომიკური საფუძვლები

1. ენერგეტიკის დარგის ობიექტები ფუნქციონირებს ამ კანონის, რესპუბლიკის სხვა კანონებისა და ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. ენერგეტიკის დარგს მართავს რესპუბლიკური სახელმწიფო ორგანო ამ კანონით და რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. ენერგეტიკის მართვის სახელმწიფო ორგანო არის დარგის ინტერესების წარმომადგენელი საქართველოს რესპუბლიკის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, უზრუნველყოფს დარგის ნორმალურ მუშაობას გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის გათვლისწინებით, ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავების იურიდიულ და მეთდოლოგიურ მომსახურებას, ეროვნული კადრების მომზადებას, სამეურნეო კომპლექსის სხვა დარგებთან ურთიერთობის კორდინაციას.

4. ენერგეტიკის დარგის საწარმოებს და ორგანიზაციებს იურიდიული პირის უფლება აქვთ და დამოუკიდებლად წარმართავენ თავიანთ სამეურნეო საქმიანობას სრული სამეურნეო ანგარიშისა და თვითდაფინანსების პირნციპებით, ამავე დროს მათი საქმიანობა რეგლამენტირებულია დარგობრივი ინსტრუქციებით, ნორმატიული აქტებით და სახელშეკრულებლო ვალდებულებებით.

5. ენერგეტიკის მართვის სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებები, მისთვის მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში, სავალდებულოა დარგში შემავალი ორგანიზაციებისთვის.

6. ენერგეტიკის დარგის ობიექტებისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად, სავალდებულოა დარგობრივი ნორმატიული აქტების და წესების მოთხოვნათა შესრულება.

    მუხლი 4. ენერგეტიკის დარგის განვითარება

1.(ძალადაკარგულია).

2. ენერგეტიკის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. დამტკიცებული პროგრამის და დადგენილი წესის შესაბამისად ხდება საწარმოო და არასაწარმოო დანიშნულების ცალკეული ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის მიზანშეწონილობის დასაბუთება სამეცნიერო-კვლევითი და საძიებო-საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, მას განიხილავენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეჯერებული პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

3. საქართველოს ენერგოსისტემის ეფექტიანი განვითარებისა და მისი საერთაშორისო ინტეგრირების საფუძველს წარმოადგენს საკუთარი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოება და განახლებადი ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისება.

4. მიწის ნაკვეთის გამოყოფა ენერგეტიკული ობიექტების განლაგებისათვის, მისი საკუთრების ფორმების მიხედვით და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხორციელდება რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ახალი ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობისა და შემდგომში მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეულით და სხვა რესურსებით სარგებლობის ნებართვას გასცემს და სხვა აქტებს აფორმებს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

6. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად წყვეტენ ახალი ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობასთან დაკავშირებელ საკითხებს.

7. (ძალადაკარგულია).

8. რესპუბლიკის მინსიტრთა კაბინეტი ხელს უწყობს ენერგეოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას, მცირე ენერგეტიკის განვითარებას და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან და კერძო კაპიტალის მოზიდვის გზით ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასთან.

9. მშენებარე ან მოქმედი ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებას აჩერებს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში _ საქართველოს პარლამენტი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ობიექტის ლიკვიდაცია ხდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველია კომპლექსური საექსპერტო დასკვნა მოსალოდნელი ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა ფაქტორებით გამოწვეული კონკრეტული შედეგების დასაბუთებით, აგრეთვე უნებართვო ან დადგენილი წესის უხეში დარღვევით მშენებლობა. მხარეთა იურიდიული და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი ამ შემთხვევაში განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა სრულდება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტის, დარგის შემოსავლის, ბანკის კრედიტების, კერძო კაპიტალისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით.

საქართველოს 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი №566-Iს-პარლამენტის უწყებანი, №21-22, ოქტომბერი, მუხ.446

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №816-IIს-პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.20

    მუხლი 5. ელექტრული და თბური ენერგიის მწარმოებელთა და მომხმარებელთა ურთიერთობა

1. ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აწესრიგებს ელექტრული და თბური ენერგიის მწარმოებლისა და მომხმარებლის ურთიერთობას, არის ხელშეკრულება. ხელშეკრულება განსაზღვრავს ენერგიის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ითვალისწინებს ორივე მხარის ეკონომიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისათვის.

2. (ძალადაკარგულია).

3. ელექტული და თბური ენერგიის მწარმოებელ და მომხმარებელ ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული სადავ საკითხები განიხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო მწარმოებლებს ენერგეტიკული ობიექტების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის გამოყენების საქმეში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №816-IIს-პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.20

    მუხლი 6. პასუხისმგებლობა ენერგეტიკის კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ენერგეტიკის კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.

    მუხლი 7. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი

1. ენერგეტიკის დარგის უწყებებს და ორგანიზაციებს აქვთ საგარეო ბაზარზე პირდაპირი გასვლის, აგრეთვე პროდუქციის, მოწყობილობისა და მასალების ექსპორტ-იმპორტის, საძიებო, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების, მშენებლობის, დამონტაჟების, ექსპლუატაციისა და შეკეთების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და ლიცენზიების არსებული წესით გაყიდვის, საზღვარგარეთ კადრების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ერთობლივი საწარმოების შექმნის უფლება.

ენერგიის ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, ენერგიის მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით.

2. დარგის საგარეო ეკონომიკური საქმიანობით მიღებული ვალუტის ამონაგები ნაწილდება რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესით.

3. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკა, დადგენილია ამ კანონისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური      ე. შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვახტანგ გოგუაძე 

თბილისი,

1994 წლი 22 სექტემბერი.

№559-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი №566-Iს-პარლამენტის უწყებანი, №21-22, ოქტომბერი, მუხ.446

2. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №816-IIს-პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.20