საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/07/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 08/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010240040.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
405
08/07/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 08/07/1998
010240040.05.002.000001
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/07/1998 - 29/01/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №405

1998 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება .

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 მარტის №156 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“.

ე.შევარდნაძე

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისსახელმწიფო დეპარტამენტის დებულება

 

I. ზოგადი დებულებები

 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში, აგრეთვე ამ დებულებით.

3. დეპარტამენტი ურთიერთმოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან.

4. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. დეპარტამენტს აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბეჭდები, ბლანკები და შტამპები.

6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: თბილისი, 380060, სიმონ კანდელაკის ქ. 12, ტელ:     37-83-52, ფაქსი: 37-04-17.

 

II. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის ორგანოებისადმი ხელმძღვანელობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის ორგანიზაცია;

ბ) სახელმწიფოთა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციული საკითხებისა და საერთაშორისო შეთანხმებების რეალიზაციის უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტების გატარებისა და კონტროლის ორგანიზაცია;

დ) ერთობლივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების მიზნით იმ ორგანოებთან ურთიერთმოქმედება, რომლებიც ეწევიან სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.

2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკისა და სასაზღვრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტების გატარების, აგრეთვე სხვა საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;

გ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან ერთად საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ორგანიზაცია, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების,კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში;

დ) თანამშრომლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან;

ე) თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო საზღვრის პრობლემების გადაჭრაში, მონაწილეობა სასაზღვრო საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებაში, აგრეთვე უცხო სახელმწიფოთა სასაზღვრო ორგანოებთან თანამშრომლობა;

ვ) სასაზღვრო წარმომადგენლების – სასაზღვრო კომისრების საქმიანობისადმი ხელმძღვანელობა;

ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის კონცეფციის შემუშავება, დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა,მისი მუშაობის სრულყოფის მიზნობრივი კომპლექსური პროგრამების მომზადება და ამ პროგრამების რეალიზაციის სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური და სხვა მექანიზმების შემუშავება;

თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლის თავიდან აცილებისა და აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შენარჩუნების, სასაზღვრო რეჟიმისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის კონტროლი;

ი) დეპარტამენტის ორგანოთა საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიზური, მეცნიერული და სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაცია;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში ანალიზური გამოკვლევების განხორციელება, საქართველოს პრეზიდენტისათვის, ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის, აგრეთვე დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისათვის ამ საკითხებზე ინფორმაციულ-ანალიზური მასალების მომზადება-წარდგენა;

ლ) სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლის ორგანიზაცია;

მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში საქართველოს უშიშროების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უზრუნველყოფა, საქართველოს პრეზიდენტისთვის მისი წარდგენა, საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებისა და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;

ნ) დეპარტამენტის ორგანოთა მოკვლევის სამსახურის საქმიანობის უზრუნველყოფა;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების დაცვის უზრუნველყოფა;

პ) დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის უშიშროების უზრუნველყოფა;

ჟ) დეპარტამენტის ორგანოთა ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და შტატების დადგენა;

რ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ცვეთისა და შესყიდვის გეგმის შემუშავება და სახელმწიფო დამკვეთის ფუნქციის უზრუნველყოფა;

ს) დეპარტამენტის სამხედრო-სამრეწველო საწარმოებისადმი, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისადმი ხელმძღვანელობა;

ტ) სამხედრო, საკადრო, ტექნიკური, მატერიალური, ფინანსური, მეცნიერულ-ინფორმაციული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, სანატორიულ-კურორტული, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვა სახის უზრუნველყოფის ორგანიზაცია, აგრეთვე კაპიტალური მშენებლობის წარმოება, სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოთა საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაცია, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილება;

უ) მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების საფუძველზე სასაზღვრო ძალების შეიარაღებისა და ტექნიკისადმი წაყენებულ ძირითად მოთხოვნათა დაგეგმვა;

ფ) სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, სამშენებლო და სამრეწველო სამუშაოების შესრულების ორგანიზაცია და უზრუნველყოფა, დეპარტამენტის მიერ შეკვეთილი ტექნიკისა და შეიარაღების დამუშავებისა და დამზადების კონტროლი, ახალი და მოდერნიზებული ტექნიკის სახელმწიფო გამოცდისა და მოქმედი დებულებებისა და მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოებიდან მათი მიღების უზრუნველყოფა;

ქ) შეთანხმებული სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის ჩარჩოებში სასაზღვრო ძალებში მეცნიერული მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი და მის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრის უზრუნველყოფა;

ღ) სამეცნიერო გამოკვლევათა შედეგების პრაქტიკაში დანერგვა;

ყ) სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის მოწყობის ხელმძღვანელობა, აგრეთვე პირადი შემადგენლობის სანატორიულ-კურორტული მკურნალობის ღონისძიებების ორგანიზაცია და სასაზღვრო ძალებში სანიტარიული და ვეტერინარიული ზედამხედველობის განხორციელება;

შ) დადგენილი წესით სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობის ორგანიზაცია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა, საავტორო უფლებების დაცვაში დახმარების აღმოჩენა.

 

III. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია

1. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია ხორციელდება სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოთა განვითარების მიზნობრივი კომპლექსური გეგმებისა (პროგრამების) და მისი სამსახურებრივი საქმიანობის ძირითადი ორგანიზაციული ღონისძიებების საფუძველზე.

2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შეესაბამება სასაზღვრო ძალების გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სამხედრო საბჭოს.

6. დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მოვალეობების განაწილების შესაბამისად ახორციელებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები.

7. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და სამი მოადგილე. თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

8. დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს ურთიერთობას პარლამენტთან.

9. დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების შტაბს ხელმძღვანელობს თავმჯდომარის მოადგილე – შტაბის უფროსი.

10. დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების შტაბს, დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვთ თავიანთი ბეჭედი, შტამპი, ბლანკები, ისინი აწარმოებენ მიმოწერას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან.

11. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) პერსონალურად აგებს პასუხს დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების გამო;

ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის სისტემის ორგანოთა მუშაობას და ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას მათდამი;

გ) განსაზღვრავს და ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებს, მათ ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციებს, მათი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას; ამტკიცებს მათ ხარჯთა ნუსხებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, განსაზღვრავს დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებასა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანებს;

ე) საქართველოს პრეზიდენტთან დადგენილი წესით განსახილველად შეაქვს საკანონმდებლო აქტების პროექტები დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის რიცხოვნობის შესახებ;

ზ) სასაზღვრო ძალებისათვის კადრების მომზადების მიზნით დადგენილი წესით ქმნის (აყალიბებს) სკოლებს, ლიცეუმებსა და სხვა სახის საშუალო სპეციალურ სასწავლებლებს;

თ) ამტკიცებს სატრანსპორტო საშუალებების, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის შტატებს;

ი) ადგენს სამეცნიერო-კვლევითი, სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების სამხედრო მოსამსახურეთა და იმ სამოქალაქო პერსონალის რაოდენობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამსახურო შენობა-ნაგებობების დაცვას, ექსპლუატაციას და შეკეთებას, რაოდენობას სარემონტო საწარმოებსა და სამხედრო წარმომადგენლობებში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალისას, რომლებიც დეპარტამენტის აპარატის რაოდენობის ლიმიტგარეშე იმყოფებიან, ამ მიზნით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დადგენილი ნორმების შესაბამისად;

კ) ახორციელებს დეპარტამენტის ორგანოთა სადაზვერვო, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევას და მის კონტროლს დეპარტამენტის ორგანოთა მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ბრძანებებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;

მ) ახდენს დეპარტამენტის ორგანოთა სამსახურებრივ-საბრძოლო, ადმინისტრაციული, საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის ინსპექციას (შემოწმებას);

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო თანამდებობაზე (თანამდებობაზე) ნიშნავს, აგრეთვე ათავისუფლებს სახელმწიფო თანამდებობიდან (თანამდებობიდან) დეპარტამენტის ორგანოთა ხელმძღვანელ პირებს, დადგენილი წესით ანიჭებს პირველად სამხედრო წოდებას და სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტანი) ჩათვლით, ვადაზე ადრე-ვიცე-პოლკოვნიკის (II რანგის კაპიტანი) ჩათვლით;

ო) საქართველოს პრეზიდენტთან განსახილველად შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო თანამდებობების ერთიან სახელმწიფო თანამდებობათა ჩამონათვალში შეტანის შესახებ;

პ) საქართველოს პრეზიდენტთან განსახილველად შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეების სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთათვის უმაღლესი ოფიცრის წოდების მინიჭების, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან მათი დათხოვნის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის მონაწილე სხვა პირებისათვის სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;

ჟ) დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს და გადაადგილებს, სახელმწიფო თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებს, იწვევს უცხო სახელმწიფოს სამხედრო სპეციალისტებს კონტრაქტის წესით, სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს სამხედრო მოსამსახურეებს თადარიგში ან გადააყენებს მათ, ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს საპენსიო უზრუნველყოფას;

რ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ერთად ორგანიზაციას უწევს სასაზღვრო ძალების ოფიცრებით, ზემდეგებით, მიჩმანებით, სამხედრო მოსამსახურეებით, მუშებითა და მოსამსახურეებით დაკომპლექტებას, გეგმავს და ორგანიზაციას უწევს ოფიცერთა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, ორგანიზაციას უწევს და ახდენს ოფიცერთა შემადგენლობის, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების, ზემდეგებისა და მიჩმანების ატესტაციას;

ს) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს კადრების შერჩევის, განაწილების და აღზრდის, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის საკითხების გადაწყვეტის ერთიან სისტემას, აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს კადრების როტაციას;

ტ) უზრუნველყოფს სასაზღვრო ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზაციისა და მოწყობის ფორმებისა და მეთოდების ერთიანობას; ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას მათი მომზადებისა და სწავლებისადმი;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტისა და სასაზღვრო ძალების სამხედრო მოსამსახურეებს აძლევს პირადობის მოწმობებსა და ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;

ფ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, ორგანიზაციას უწევს სასაზღვრო ხომალდების საზღვარგარეთის ნავსადგურებში ვიზიტებსა და საქმიან გასვლებს, სასაზღვრო თვითმფრინავების დადგენილი წესით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნას;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახების წევრთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის მონაწილე მოქალაქეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის საკითხებს;

ღ) წარმოადგენს დეპარტამენტს და უზრუნველყოფს მის თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან;

ყ) დეპარტამენტს წარმოადგენს მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სპეციალურ, სამართალდაცვისა და სამხედრო ორგანოებში; ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს) დებს დეპარტამენტის სახელით უწყებათაშორის დონეზე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის დავალებით – სახელმწიფოთაშორის და სამთავრობათაშორისო დონეზე;

შ) აქვს დაჯილდოებისა და სასაჩუქრო ფონდები, მათ შორის კანონით განსაზღვრული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა პირთა დასაჯილდოებლად დეპარტამენტის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;

ჩ) უფლება აქვს დადგენილი წესით გამოიყენოს სპეციალური სახსრები (გრანტები, დახმარებები, ქველმოქმედების სახით მიღებული სახსრები);

ც) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს პრეზიდენტს დასამტკიცებლად სასაზღვრო ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმელსა და განმასხვავებელ ნიშნებს;

ძ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწესებს სამკერდე ნიშნებს დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის დასაჯილდოებლად, ამტკიცებს დებულებას სამკერდე ნიშნების შესახებ;

წ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია მოახდინოს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების დელეგირება.

12. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხების განსახილველად დეპარტამენტში იქმნება სათათბირო ორგანო – სამხედრო საბჭო, რომელშიც შედიან დეპარტამენტის თავმჯდომარე (საბჭოს თავმჯდომარე), მისი მოადგილეები, აგრეთვე დეპარტამენტის სხვა პასუხისმგებელი პირები.

13. გარდა ამისა, დეპარტამენტის სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით შეიძლება შეყვანილ იქნენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა თანამდებობის პირები.

14. სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით და ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

15. დეპატრამენტის თავმჯდომარესა და სამხედრო საბჭოს შემადგენლობას შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარე ახდენს თავისი გადაწყვეტილების რეალიზაციას და წამოჭრილ აზრთა სხვადასხვაობას მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტს. სამხედრო საბჭოს წევრებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრება დადგენილი წესით აცნობონ საქართველოს პრეზიდენტს.

16. დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედრო ძალების მსგავსად სრულად სარგებლობენ სადისციპლინო წესდებით მინიჭებული უფლებებით.

დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონი "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ".

17. დეპარტამენტის სტრუქტურა:

- დეპარტამენტის ხელმძღვანელობა;

- დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი;

- სასაზღვრო ძალების განვითარების სამმართველო;

- სასაზღვრო პოლიტიკის საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

- კადრებთან მუშაობის სამმართველო;

- ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო;

- საგეგმო-საფინანსო სამმართველო;

- სასაზღვრო ძალების ბაზირებისა და მშენებლობის სამმართველო;

- საინფორმაციო-ანალიზური სამმართველო;

- სამედიცინო სამმართველო;

- საინსპექციო განყოფილება;

- კულტურისა და სპორტის განყოფილება;

- პრესის სამსახური;

- სასაზღვრო ძალების შტაბი.

18. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ამოცანაა დეპარტამენტში შესული და დეპარტამენტიდან გასული ნებისმიერი დოკუმენტაციის და კორესპონდენციის რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, დეპარტამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ბრძანებებისა და მითითებების შესრულების კონტროლი.

19. სასაზღვრო ძალების განვითარების სამმართველო შეიმუშავებს და განახორციელებს სასაზღვრო ძალებისა და სტრატეგიული რეზერვების განვითარების კონცეფციებს.

20. სასაზღვრო პოლიტიკის საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს სახელმწიფოთა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოსაზღვრე სახელმწიფოებთან საზღვრის დაცვის საკითხებისა და საერთაშორისო შეთანხმებების რეალიზაციას; მონაწილეობს სასაზღვრო პოლიტიკის სფეროს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; კოორდინაციას უწევს სასაზღვრო წარმომადგენელთა მუშაობას.

21. კადრებთან მუშაობის სამმართველო უზრუნველყოფს კადრების შერჩევა-განაწილებას, აღზრდასა და მომზადებას; სასაზღვრო ძალებში კანონიერების, სოციალურ-სამართლებრივი დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფას; უმაღლესი და საშუალო სამხედრო სასწავლებელთა დაკომპლექტებას.

22. ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო უზრუნველყოფს დეპარტამენტის ორგანოთა სამეურნეო და ეკონომიკური განვითარების კონცეფციების შემუშავებასა და დაგეგმვას; დეპარტამენტის ორგანოთა შეიარაღებისა და ტექნიკის ცვეთისა და შესყიდვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.

23. საგეგმო-საფინანსო სამმართველო ორგანიზაციას უწევს საფინანსო პოლიტიკის გატარებას და აკონტროლებს დეპარტამენტის ორგანოთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

24. სასაზღვრო ძალების ბაზირებისა და მშენებლობის სამმართველო ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის ორგანოთა ბაზირებისა და შენობა-ნაგებობათა კაპიტალური მშენებლობის, გზების, ხიდებისა და ენერგოსადგურების მშენებლობის, მათი კომუნიკაციებისა და ექსპლუატაციის კონცეფციების შემუშავებასა და განხორციელებას.

25. საინფორმაციო-ანალიზური სამმართველო ინფორმაციისა და ვითარების ანალიზის საფუძველზე ამზადებს მმართველობითი გადაწყვეტილებების პროექტებს, აყალიბებს და მართავს დეპარტამენტის კომპიუტერულ საინფორმაციო ქსელს.

26. სამედიცინო სამმართველო უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობის დაცვას, შრომისუნარიანობის ამაღლებას, სამედიცინო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, დაავადების შემცირებას და მათ წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას.

27. საინსპექციო განყოფილება თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტისა და სასაზღვრო ძალების ქვედანაყოფების საქმიანობაში კანონიერების, სასაზღვრო ძალების წესდებებისა და ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს, აწყობს სამსახურებრივ მოკვლევას.

28. კულტურისა და სპორტის განყოფილება უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ფიზიკურ მზადყოფნას, მხედრული სულისკვეთების ამაღლებას, სპორტული და კულტურული მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებას.

29. პრესის სამსახური ოპერატიულად აშუქებს სახელმწიფო საზღვარზე შექმნილ ვითარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, პროპაგანდას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას.

30. სასაზღვრო ძალების შტაბი ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და სასაზღვრო კონტროლს, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის განხორციელებას; უზრუნველყოფს მონაცემების ოპერატიულ-ტექნიკურ გათვლას და წინადადებების მომზადებას მეთაურის გადაწყვეტილების მისაღებად, სასაზღვრო ძალებისათვის ამოცანის დროულ დასახვას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციის დაგეგმვას;

31. დეპარტამენტს, როგორც სასაზღვრო სამსახურის მოკვლევის ორგანოს, ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, ხოლო მისი საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

32. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.