საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 475-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.018374
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
475-IIს
22/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
040030000.05.001.018374
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/03/2017 - 21/07/2018)

 

საქართველოს კანონი

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სტატუსს, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, სააგენტოს ამოცანებსა და უფლებამოსილებებს, მისი საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება – სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო ნაკადის მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;

ბ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება – სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ კონკრეტული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის მეშვეობით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო შეტყობინებების მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;

გ) ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებები:

გ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები;

გ.ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები;

გ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება;

დ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა სააგენტოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით;       

ე) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით;

ვ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით;

ზ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით;

თ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია;

ი) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონტროლის ელექტრონული სისტემა (შემდგომ – კონტროლის ელექტრონული სისტემა) – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა:

ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გაგზავნის შესაძლებლობას;

ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას;

კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გაგზავნას;

ლ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის (შემდგომ – მონაცემთა ცენტრალური ბანკი) კონტროლის ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს:

ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;

ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის რეალურ დროში მიწოდებას;

მ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით;

ნ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით;

ო) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში უზრუნველყოფს:

ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;

ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის რეალურ დროში მიწოდებას.

მუხლი 3. სააგენტო

1. სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.

2. სააგენტო არის სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, აგრეთვე განსაკუთრებული რეჟიმის სტატუსის მქონე დაწესებულება.

3. სააგენტო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან. სააგენტოში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები.

4. სააგენტოს დებულებას სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა.

6. სააგენტო და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სააგენტოს სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოიყენონ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი.

7. სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა. დოკუმენტზე ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

8. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს  ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.          

მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

1. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, სააგენტოს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სააგენტოს უფროსის წარდგინებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

2. სააგენტოსა და მის მოსამსახურეებზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

3. სააგენტოს საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 101 და 102 მუხლებისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.

მუხლი 5. სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

1. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს.

2. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა.

3. სააგენტოს უფროსის კანდიდატურას შეარჩევს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სპეციალური კომისია. 

4. სააგენტოს მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

5. სააგენტოს ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოსთვის განკუთვნილი ხარჯების წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შემცირება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

6. ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება სააგენტოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, აგრეთვე ამ მოქმედებისა და ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესსა და პროცედურას, გამოსცემს სააგენტოს უფროსი. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის და მათი გაუქმების უფლება აქვს სააგენტოს უფროსს.        

7. სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში წარმოადგენს სააგენტოს უფროსი.  

მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და პატივისცემა;

ბ) კანონიერება;

გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

დ) საქმიანობის ღია და ფარული მეთოდებით განხორციელება;

ე) კონსპირაციულობა;

ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია.

თავი II

სააგენტოს ამოცანები და უფლებამოსილებანი

მუხლი 7. სააგენტოს ამოცანები

სააგენტოს ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგისა და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთ ღონისძიებათა განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია:

ა.ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასთან და ჩაწერასთან;

ა.ბ) კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებასთან;

ა.გ) კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებასთან;

ა.დ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრასთან;

ა.ე) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლთან;

ა.ვ) ფარულ ვიდეოჩაწერასთან ან/და აუდიოჩაწერასთან, ფოტოგადაღებასთან;

ბ) სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 8. სააგენტოს უფლებამოსილებანი

1. ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად სააგენტო უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს:

ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები;

ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედება;

ა.გ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიება და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები;

ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვოს და გასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;

გ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;

დ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია:

ა) ჰქონდეს კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად;

ბ) ჰქონდეს გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად;

გ) შექმნას მონაცემთა ცენტრალური ბანკი ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად;

დ) შეიძინოს, შექმნას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;

ე) სასყიდლით ან უსასყიდლოდ, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება;

ვ) კონსპირაციის მიზნით მოამზადოს და გამოიყენოს დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სააგენტოს მოსამსახურის ვინაობა, სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, ქონება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩაატაროს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

3. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

4. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით:

ა) განახორციელოს სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება და შიდაუწყებრივი საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა;

ბ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეამოწმოს ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები);

გ) უზრუნველყოს სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარება და სასაზღვრო გამტარი პუნქტების საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი;

ე) უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოს ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიაზე;

ვ) უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომ – კომისია) მიერ მისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების კონტროლი და უსაფრთხოება ამ რადიოსიხშირეების ფარგლებში და გარე ხელშეშლის გამოვლენის შემთხვევაში ხელშემშლელ პირს მიმართოს აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო ხელშეშლის გაგრძელების შემთხვევაში – ამის შესახებ აცნობოს კომისიას შესაბამისი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ზ) განახორციელოს კომპიუტერულ მონაცემთა ექსპერტიზა, აგრეთვე შეიმუშაოს და ნორმატიული აქტით დაამტკიცოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია და ამ მიზნით ნორმატიული აქტით განსაზღვროს ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები;

ი) განახორციელოს ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 9. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებას სააგენტო ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. 

2. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად;

გ) ნორმატიული აქტებით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები.

3. თუ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური ან სასადგურე ინფრასტრუქტურა არ იძლევა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების საშუალებას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს სათანადო აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;

ბ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესი და პროცედურა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან ზედამხედველ მოსამართლეს.     

5. სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.

6. სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.

7. სააგენტო ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებასა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებას ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.        

მუხლი 10. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის ტექნიკური შესაძლებლობა

1. სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას ახორციელებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით.      

2. მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით სააგენტო ქმნის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების მიზნით მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირებით მისი გეოლოკაციის რეალურ დროში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას.

3. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული სისტემის შექმნის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია:

ა) ჰქონდეს იმ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;

ბ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები.

მუხლი 11. მონაცემთა ცენტრალური ბანკი

1. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაცემად სააგენტო ქმნის მონაცემთა ცენტრალურ ბანკს.

2. მონაცემთა ცენტრალური ბანკის შესაქმნელად სააგენტო უფლებამოსილია:

ა) ჰქონდეს დისტანციური წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზებზე და განახორციელოს მათი კოპირება და შენახვა;

ბ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა;

გ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით შენახვა, რომელიც აუცილებელია მათი კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისთვის.

მუხლი 12. სააგენტოს ექსკლუზიური კომპეტენცია

ამ კანონის მე-7 მუხლის „ა.ა“–„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით, მე-9–მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება განეკუთვნება სააგენტოს ექსკლუზიურ კომპეტენციას. დაუშვებელია ანალოგიური ამოცანებისა და უფლებამოსილებების მქონე სხვა სახელმწიფო ორგანოს შექმნა და ფუნქციონირება საქართველოს ტერიტორიაზე. 

თავი III

ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებათა განხორციელება. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცემა

მუხლი 13. ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველი

სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველია:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავის შესაბამისად მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება ან პროკურორის მიერ გამოცემული მოტივირებული დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ;

ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლების შესაბამისად ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ;

გ) ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების ან ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ.

მუხლი 14. ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, გაცემა და განადგურება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 142 და 143 მუხლებით დადგენილი წესით.

3. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14და 14მუხლებით დადგენილი წესით.

მუხლი 15. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მონაცემთა ცენტრალურ ბანკში შენახვა და გაცემა

1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს არაუმეტეს 12 თვის ვადით. 

2. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 3 თვით, საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით.         

3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ:

ა) გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად ან მასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოსაძიებლად;

ბ) არსებობს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერორისტული საქმიანობის რეალური რისკი;

გ) საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე ან უახლოეს მომავალში მკაფიოდ იდენტიფიცირებადი საფრთხე;

დ) გარკვეულ ვითარებაში კონკრეტული დანაშაულის გამოძიება (კერძოდ, პასუხისმგებელ პირთა დადგენა) ან/და პრევენცია მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვებითაა შესაძლებელი.

4. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებებია წარდგენილი. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს საკმარისი ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ ფაქტებისა და რისკების დასადასტურებლად.

5. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასაგრძელებლად საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სამსახურის უფროსის შესაბამისი შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს. იგი ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 48 საათის ვადაში. შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება.

6. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების დასაბუთებას (შესაბამისი საფუძვლისა და კონკრეტული ინფორმაციის/მტკიცებულებების მითითებით);

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ფარგლებს (ამ მონაცემების კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად);

გ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ვადას.

7. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ამოწმებს შესაბამისი მოთხოვნის პროპორციულობას, ანუ რამდენად აუცილებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება შუამდგომლობაში მითითებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ამ მუხლის მოთხოვნები. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი, წარმოდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები არ ადასტურებს შესაბამის მოთხოვნას, შუამდგომლობა წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან შუამდგომლობის წარდგენის ფორმალური მოთხოვნები შესრულებული არ არის, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება. დაუშვებელია აღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა, იმავე საფუძვლით წარდგენა, თუ მოსამართლემ მის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გასცეს თანხმობა ინფორმაციის შენახვის ვადის შუამდგომლობაში მოთხოვნილი ან უფრო მცირე ვადით გაგრძელების შესახებ. მოსამართლე უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინფორმაციის შუამდგომლობით განსაზღვრულ ან უფრო მცირე ფარგლებში შენახვის ვადის გაგრძელების შესახებ (ინფორმაციის კონკრეტული სახის ან შესაბამის პირთა ჯგუფის გათვალისწინებით. აღნიშნული ჯგუფი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად).

10. ამ მუხლით განსაზღვრული მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელება ვრცელდება მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციაზე და არ ეხება მოსაპოვებელ ინფორმაციას.

11. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსგან გამოთხოვა, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლითა და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14მუხლით დადგენილი წესით.

12. სააგენტო ქმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის –  „112“-ისთვის ავტომატურად მიწოდებას.

მუხლი 16. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება

1. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის ბრძანება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ.

2. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს:

ა) დასაბუთებას, რომ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს მონაცემები იმ ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას;

ბ) დასაბუთებას, რომ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება განპირობებულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და იგი მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებაა;

გ) დასაბუთებას, რომ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების გარეშე ვერ მოიპოვება;

დ) იმ შინაარსობრივი იდენტიფიკატორების დეტალურ აღწერას, რომელთა გამოყენებითაც უნდა გამოვლინდეს ელექტრონული კომუნიკაციის ქსელებით გადაცემული შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს;

ე) მოთხოვნას სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების პერიოდის შესახებ.

3. მოსამართლე სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება:

ა) გასცემს ბრძანებას სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ;

ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. მოსამართლის ბრძანებაში უნდა მიეთითოს, რომ დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. მოსამართლის ბრძანებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს:

ა) ბრძანების რეკვიზიტები (ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი);

ბ) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;

გ) განკარგულება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ;

დ) იმ შინაარსობრივი იდენტიფიკატორების დეტალური აღწერა, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;

ე) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით) უნდა განხორციელდეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;

ვ) სააგენტო, როგორც უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულოს;

ზ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.

5. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების ნებართვა გაიცემა იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მისი მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, თითოეულ ჯერზე იმავე წესითა და საფუძვლით, რომლებიც თავდაპირველი ბრძანებისთვისაა დადგენილი.

6. ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძველია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლების შესაბამისად ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ.

თავი IV

სააგენტოს მიერ კანონის შესასრულებლად გამოყენებული ღონისძიებები

მუხლი 17. კონტროლი (შემოწმება)

1. ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის მიზნით სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ვინაობა და  შესამოწმებელი საკითხი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, შეამოწმოს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს ამ დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის აპარატული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლებს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით მოსთხოვოს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირი დამტკიცებული ფორმის მიხედვით ადგენს შემოწმების შესახებ დასკვნას. დასკვნაში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შემოწმებაზე დამსწრე ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი მათი განთავსების ადგილზე შემოწმდა; შემოწმებული აპარატული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა და შემოწმებისათვის გამოყენებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (ახსნა-განმარტებების წერილობით მიღების შემთხვევაში დასკვნას უნდა დაერთოს შესაბამისი მასალა); დასკვნა, რომელშიც აღინიშნება გამოვლენილი შეუსაბამობა და სხვა დარღვევა; რეკომენდაცია და სახელმძღვანელო მითითება (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერა, ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა ორი დამსწრის ხელმოწერა.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დამრღვევი პირის ქმედებაში გამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები, სააგენტო შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს.      

მუხლი 18. პასუხისმგებლობა

1. თუ სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების შედეგად დარღვევა გამოვლინდა ან დარღვევის თაობაზე საკმარისი მტკიცებულებები შემოწმების გარეშეც არსებობს, სააგენტო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V

სააგენტოს სისტემის ორგანიზება

მუხლი 19. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს უფროსის კანდიდატურას შეარჩევს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის 7 წევრი: 

ა) სამსახურის უფროსი – სპეციალური კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (მას სპეციალური კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე);

გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;

ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს სახალხო დამცველი;

ზ) საქართველოს მთავრობის  წარმომადგენელი.

3. სამსახურის უფროსი შეარჩევს და სპეციალურ კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის არანაკლებ 3 კანდიდატურას. წარდგენილ კანდიდატურებს სპეციალური კომისიის სხდომაზე ერთდროულად ეყრება კენჭი. კენჭისყრა ფარულია. სპეციალური კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატურა, რომელიც სპეციალური კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატურამ ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა, განმეორებით ეყრება კენჭი საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატურას. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატურამ ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა ან ვერ გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატურა, სამსახურის უფროსი სპეციალურ  კომისიას 1 კვირის ვადაში წარუდგენს სხვა კანდიდატურებს. აღნიშნული პროცედურა მეორდება სააგენტოს უფროსის კანდიდატურის დამტკიცებამდე.

4. სპეციალური კომისიის მიერ დამტკიცებულ სააგენტოს უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

5. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების, საკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შესაბამისი გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა. სააგენტოს უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

6. სააგენტოს უფროსს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს, თუ:

ა) მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) მან დაიკავა მის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან იგი ახორციელებს მის თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) იგი გადადგა თანამდებობიდან;

ვ) იგი გარდაიცვალა;

ზ) იგი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

თ) იგი ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

მუხლი 20. სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი.

2. სააგენტოს უფროსი:

ა) აწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და დაფინანსების (მათ შორის, სააგენტოს ბიუჯეტის) შესახებ და შესაბამის პროექტებს წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;  

თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სააგენტოს მოსამსახურეებს; სააგენტოს მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის უფროსს; 

მ) სამსახურის უფროსის თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს შიდა სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.

4. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი უფროსის დანიშვნამდე, სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების სხვაგვარად შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 

მუხლი 21. სააგენტოს უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა 

სააგენტოს უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია საჯარო ან კერძო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან. სააგენტოს უფროსს უფლება არა აქვს, ახორციელებდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. არ შეიძლება სააგენტოს უფროსი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან სხვაგვარად მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

მუხლი 22. სამსახურის უფროსის კომპეტენცია ამ კანონის მიზნებისთვის

1. ამ კანონის მიზნებისთვის სამსახურის უფროსი განსაზღვრავს სააგენტოს ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას.

2. სამსახურის უფროსის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 23. სააგენტოს მოსამსახურე

1. სააგენტოს მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე. 

2. სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო სპეციალური წოდება.

3. სააგენტოს შეიძლება ჰყავდეს ღია და ფარულ შემადგენლობებში მყოფი მოსამსახურეები.

4. თუ სააგენტოს მოსამსახურე თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზნით მონაწილეობას მიიღებს სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სპეციალური მომზადების პროგრამაში და ამ პროგრამას სააგენტო აფინანსებს, სააგენტოსა და მოსამსახურეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მას უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს სამსახურიდან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მოსამსახურე სააგენტოს აუნაზღაურებს მისი თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისთვის გაწეულ ხარჯებს.

5. სააგენტოს შტატგარეშე მოსამსახურესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სააგენტოში ან სხვაგან, გარდა საგამოძიებო ორგანოსი, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობაზე.

თავი VI

სააგენტოს საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა

მუხლი 24. საპარლამენტო კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობას საქართველოს პარლამენტი აკონტროლებს საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება ნდობის ჯგუფის მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით.

2. სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

3. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ და შეამოწმოს იგი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფის 1 წევრს შეარჩევს ნდობის ჯგუფი კანონით დადგენილი წესით.

4. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობის დახვეწის თაობაზე.

5. ნდობის ჯგუფი ვალდებულია სააგენტოს საქმიანობის შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები.  

მუხლი 25. საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლი

1. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

2. სააგენტო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.  

მუხლი 26. ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი

ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს სააგენტოს მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს იმავე კანონის 146 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 

მუხლი 27. სასამართლო კონტროლი

სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი ცხოვრებისა და ტექნიკური საშუალებებით მიღებულ შეტყობინებათა ხელშეუხებლობის უფლებების შეზღუდვასთან, ხორციელდება სასამართლო კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 28. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აკონტროლებს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1433 მუხლების, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

მუხლი 29. სამსახურის კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამსახურის უფროსი. 

2. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიშის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენამდე სააგენტოს უფროსი ამ ანგარიშს წარუდგენს სამსახურის უფროსს.

მუხლი 30. საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლი

სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

თავი VII

სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

მუხლი 31. სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები;   

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

ე) საჩუქრისა და შემოწირულების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს ამოცანების შესრულებას და უფლებამოსილებების განხორციელებას. ისინი შეიძლება მოხმარდეს სამსახურის სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

5. სააგენტოს წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 32. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს საკუთარი ამოცანების შესასრულებლად და უფლებამოსილებების განსახორციელებლად აქვს ქონება. ამ ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

  2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისგან, აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისგან, რომლებიც სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე აისახება.

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 33. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 30 მარტამდე:

ა) დაამტკიცოს სააგენტოს დებულება;

ბ) უზრუნველყოს სამსახურის დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

2. სამსახურმა საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის მიერ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებით გაფორმებულ სატელეკომუნიკაციო და კავშირგაბმულობის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში შემსყიდველად განსაზღვროს სააგენტო.  

3. სააგენტომ:

ა) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს იმ მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება, რომლებიც ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას;

ბ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემების ამოქმედება ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმართ;

გ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს სამსახურიდან ქონების (მათ შორის, უძრავი ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სხვა ქონების) მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება;

ე) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემების ამოქმედება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების მიმართ;

ვ) 2019 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება;

ზ) 2020 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის და ამ კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს სააგენტოს დებულების დამტკიცების მომენტიდან.

5. სააგენტოს უფროსის ამ კანონით დადგენილი წესით დანიშვნამდე სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

6. სააგენტოს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. 

7. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს სააგენტო.

8. სააგენტოს წარმოშობამდე და მის მიერ იურიდიული პირის სტატუსის შეძენამდე სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ დაწყებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს სააგენტო. 

9. სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

10. სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე ხელშეკრულების დადებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება.

11. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემისა და მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მიწოდება განხორციელდეს მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან.

12. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე სააგენტო დაფინანსდეს სამსახურისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

მუხლი 34. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–32-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლი (გარდა „ა“, „ბ“, „გ.ბ“, „გ.გ“ და „მ“–„ო“ ქვეპუნქტებისა), მე-3–მე-6 მუხლები, მე-7 მუხლი (გარდა „ა.დ“ ქვეპუნქტისა), მე-8 მუხლი (გარდა პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა), მე-9 მუხლი (გარდა მე-7 პუნქტისა), მე-11 და მე-12 მუხლები, მე-13 მუხლი (გარდა „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა), მე-14 მუხლი (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა), მე-15 მუხლი და მე-17–32-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.       

3. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი, მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და მე-16 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“–„ო“ ქვეპუნქტები, მე-7 მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან. 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2017 წ.

N475-IIს