„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 231/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 29/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.152
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
231/ნ
25/08/2006
სსმ, 114, 29/08/2006
470.230.000.22.035.009.152
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/08/2006 - 29/12/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.152

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №231/ნ

2006 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს შრომის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ა ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №85/ნ ბრძანება (სსმ III, 16.03.2006, №34, მუხ. 406).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №1

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის მიღების საფუძველი

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი (შემდგომში წესი) შემუშავებულია საქართველოს შრომის კოდექსისა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე.

მუხლი 2. რეგულირების საგანი

წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამსაქმებელი საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;

ბ) დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;

გ) დაწესებულება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება;

დ) დახმარება საქართველოს შრომის კოდექსით და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონებით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;

ე) კომპენსაცია საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან;

ვ) მოსამსახურე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;

ზ) ფონდი სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

თ) დაფინანსების განაცხადი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ ფონდისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.

მუხლი 4. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა

წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს ფონდი, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას შესაბამისი დაწესებულება.

მუხლი 5. დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო

დახმარება გაიცემა ფონდის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.

მუხლი 6. დახმარებისა და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარებისა და კომპენსაციის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში, დუბლიკატის წარდგენის საფუძველზე. ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარება გაიცემა შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

თავი II. დახმარებისა და კომპენსაციის ანაზღაურების პირობები და ოდენობა

მუხლი 7. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის პირობები

1. დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება:

ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2. მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება ორსულობის და მშობიარობის გამო.

3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად.

4. ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/მოსამსახურის გათავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/კომპენსაცია ანაზღაურდება სრულად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

5. იმ შემთხევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

მუხლი 8. დახმარებისა და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება

1. მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო.

2. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

3. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

4. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

6. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:

ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;

ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;

გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.

7. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

8. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.

9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება ფონდის მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

10. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნეს ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.

11. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.

მუხლი 9. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება

1. დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

2. დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.

თავი III. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

მუხლი 10. დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი

1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს და მის ასლს წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს მისგან ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის შემდგომაც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს და წერილობით მიმართავს დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ფონდის შესაბამის ფილიალს.

2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ახალშობილის შვილად აყვანის ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს დაფინანსების განაცხადს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით.

3. საავადმყოფო ფურცლის დედანთან ასლის შესაბამისობას ამოწმებს ფონდის შესაბამისი ფილიალი, რის შემდეგაც საავადმყოფო ფურცლის დედანი უბრუნდება წარმომდგენს.

4. ფონდის შესაბამისი ფილიალებიდან წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე დაფინანსება ხორციელდება ცენტრალიზებულად. ფონდი შესაბამისი ფილიალიდან მიღებული განაცხადის საფუძველზე დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოთხოვნის დაფინანსებას და დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის ან დაწესებულების მიერ მითითებულ ანგარიშზე.

5. ფონდის ფილიალი, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცლის (ახალშობილის შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტის) წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმებულს/მოსამსახურეს და დამსაქმებელს/დაწესებულებას უგზავნის მოტივირებულ დასკვნას.

6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა.

7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება საავადმყოფო ფურცლის (ახალშობილის შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტის) ფონდში წარდგენის შემთხვევაში, მისი დახურვიდან 6 თვის შემდეგ.

თავი IV. გარდამავალი დებულებები

მუხლი 11. გარდამავალი რეგულირება

მოსამსახურეებზე, რომლებზედაც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაცემული იყო საავადმყოფო ფურცელი და 2006 წლის 30 ივნისისათვის იმყოფებოდნენ 126 (140)-დღიან ანაზღაურებად შვებულებაში, კომპენსაცია გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ შვებულების პერიოდზე შემდეგი წესით:

2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და ფონდის მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ ფონდის მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ ფონდის მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად.

 

13. 29/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-133/ნ - ვებგვერდი, 29/12/2020 12. 23/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-8/ნ - ვებგვერდი, 26/02/2018 11. 28/09/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-61/ნ - ვებგვერდი, 29/09/2017 10. 05/07/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-44/ნ - ვებგვერდი, 05/07/2017 9. 30/06/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-43/ნ - ვებგვერდი, 30/06/2017 8. 11/12/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-44/ნ - ვებგვერდი, 11/12/2013 7. 12/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-33/ნ - ვებგვერდი, 13/06/2012 6. 27/01/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 18/ნ - ვებგვერდი, 280111, 28/01/2011 5. 21/04/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 103/ნ - სსმ, 45, 21/04/2010 4. 31/12/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 296/ნ - სსმ, 187, 31/12/2008 3. 17/06/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 141/ნ - სსმ, 88, 20/06/2008 2. 27/06/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 191/ნ - სსმ, 90, 27/06/2007 1. 29/12/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 331/ნ - სსმ, 176, 29/12/2006