დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 824 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.120.000.05.001.000.231 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (31/07/1997 - 03/02/1999)
საქართველოს კანონი
ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ
თავი I
ძირითადი ნაწილი
მუხლი 1.
ეს კანონი არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა (შემდგომში _ მფლობელთა) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით.
მუხლი 2.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტომოტოტრანსპორტი _ ყველა სახეობის ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, დროებით გამოსაყენებლად შემოტანილის ჩათვლით;
ბ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი _ ნებისმიერი პირი, რომლის საკუთრებაშია ავტომოტოტრანსპორტი ან მართლზომიერად განაგებს მას;
გ) დაზარალებული _ პირი, რომელიც მიიჩნევა დაზარალებულად საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე, ასევე მისი მემკვიდრე და უფლებამონაცვლე.
მუხლი 3.
1. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტომოტოტრანსპორტზე.
2. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეძლევა სადაზღვევო პოლისი წარმდგენზე, რომელშიც ფიქსირდება ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები.
მუხლი 4.
ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გაათავისუფლოს დაზღვეული იმ მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო.
მუხლი 5.
ამ კანონის ნორმები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი მიყენებულია ავტომოტოტრანსპორტის დატვირთვა-გადმოტვირთვისას და საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდა ტერიტორიაზე მისი მოძრაობისას. ამ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების საერთო წესის შესაბამისად.
მუხლი 6.
1. მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ტექნიკურად გამართულ ავტოტრანსპორტზე.
2. საგზაო პოლიციის ორგანოებს ევალებათ არ გაატარონ ტექნიკურ დათვალიერებაზე ის ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაფორმებული არ აქვს შესაბამისი დაზღვევა.
მუხლი 7.
წლის განმავლობაში გასხვისებული ავტომოტოტრანსპორტის დაზღვევა ჩაითვლება ძალადაკარგულად, სადაზღვევო შენატანი დარჩენილი ვადის პროპორციულად უბრუნდება გამსხვისებელს ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული წლიური დაზღვევის შესატანიდან გამომდინარე, ამასთან არასრული თვე ითვლება სრულად.
მუხლი 8.
1. თითოეული ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი იხდის წლიურ სადაზღვევო შესატანს შემდეგი ოდენობით:
ა) მსუბუქ ავტომანქანაზე:
ძრავის მოცულობა სმ3
1200-მდე _ 15 ლარი,
1201-1800 _ 20 ლარი,
1801-2200 _ 25 ლარი,
2201-2500 _ 30 ლარი,
2500-ზე მეტი _ 35 ლარი.
ტაქსების და გასაქირავებელი ავტომოტოტრანსპორტის მფლობელები შესაბამისად იხდიან გაორმაგებულ თანხას.
ბ) ავტობუსზე:
25 ადგილიანი _ 35 ლარი,
25-ზე მეტი _ 45 ლარი,
ტრამვაი-ტროლეიბუსი _ 35 ლარი.
გ) სატვირთოზე:
2 ტონამდე ტვირთამწეობის _ 45 ლარი,
2 ტონაზე მეტი _ 60 ლარი,
მისაბმელიანი _ 55 ლარი,
მისაბმელი _ 10 ლარი,
მოტოციკლი _ 10 ლარი.
2. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას მფლობელის პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე მზღვეველი ვალდებულია გამოიყენოს ბონუს-მალუსის (ჯარიმა-პრემიის) სისტემა 50-200%-ის ფარგლებში სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად.
3. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელისათვის, რომელიც პირველად აფორმებს ამ კანონით გათვალისწინებულ სადაზღვევო ხელშეკრულებას, გამოიყენება 100%-იანი განაკვეთი.
4. ყოველი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შემდგომ მატულობს სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო შემთხვევის გარეშე დასრულებული ყოველი წლისათვის კი მცირდება.
5. მზღვეველის მიერ სრული სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შემთხვევაში დაზღვევა ითვლება დასრულებულად და მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დარჩენილი ვადისათვის.
6. არასრული წლის ვადით დაზღვევისას ყოველ ერთ თვეზე გამოიყენება წლიური ტარიფის 1/8.
მუხლი 9.
პირს, რომელიც მართავს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებას, თან უნდა ჰქონდეს დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 10.
სადაზღვევო ორგანიზაცია დაზარალებულს აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი გამოწვეულია თვით დაზარალებულის განზრახ ქმედობით ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.
მუხლი 11.
1. დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს, რომელიც გამოწვეულია მფლობელის მიერ ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად, ანაზღაურებს სადაზღვევო ორგანიზაცია:
ა) სიკვდილის შემთხვევაში _ 2500 ლარი,
ბ) დაზარალებულის ინვალიდობის დადგენის დროს:
I ჯგუფის _ 2500 ლარი,
II ჯგუფის _ 1500 ლარი,
III ჯგუფის _ 750 ლარი,
გ) სხეულის მძიმე დაზიანებისას _ 400 ლარი,
დ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას _ 100 ლარი.
2. დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს სადაზღვევო ორგანიზაცია ანაზღაურებს ერთჯერადად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებული ტრავმის სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.
3. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში ტრავმის მიღების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა ან დაინვალიდდა, მაშინ ხდება ანაზღაურების გადაანგარიშება ადრე გადახდილი თანხის ჩათვლით.
მუხლი 12.
თუ ზიანი მიადგა რამდენიმე მოქალაქის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე აუნაზღაურდება ზიანი ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.
მუხლი 13.
დაზარალებული ვალდებულია წარუდგინოს მზღვეველს მისთვის ცნობილი ყველა ის არსებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება ზიანის მიყენებასა და მფლობელის ბრალეულობას.
მუხლი 14.
თუ დაზარალებული თავის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარუდგენს მფლობელს, ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მზღვეველს.
მუხლი 15.
დაზარალებულს აუნაზღაურდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი იმის მიუხედავად, ერგება თუ არა მას ანაზღაურება სოციალური უზრუნველყოფით, სოციალური დაზღვევით, ან პირადი დაზღვევის ხელშეკრულებით.
მუხლი 16.
იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ანაზღაურების თანხა აღემატება ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ფარგლებს, დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოში აღძრას სარჩელი ზიანის დამატებით ანაზღაურების შესახებ უშუალოდ იმ მფლობელის მიმართ, რომელმაც ზიანი მიაყენა.
მუხლი 17.
1. მზღვეველს, რომელმაც დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, უფლება აქვს მფლობელს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) ზიანის განზრახ მიყენებისას;
ბ) ავტომოტოტრანსპორტის ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას;
გ) მართვის უფლების გარეშე ავტომოტოტრანსპორტის მართვისას.
2. მოთხოვნა რეგრესის წესით წარედგინებათ აგრეთვე პირებს, რომლებიც არაკანონიერად ფლობდნენ ავტომოტოტრანსპორტს, აგრეთვე ტექნიკურ დათვალიერებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტი.
მუხლი 18.
მფლობელი ვალდებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას (სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას) წერილობით განუცხადოს მზღვეველს ამის შესახებ არა უგვიანეს შვიდი დღე-ღამისა შემთხვევის დღიდან (დასვენებისა და უქმე დღეების ჩაუთვლელად) და წარუდგინოს ცნობები მის მიერ მიყენებული ზიანის დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა შესახებ.
მუხლი 19.
შინაგან საქმეთა ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შემთხვევაში მზღვეველს დაუყოვნებლივ წარუდგინონ ყველა საჭირო დოკუმენტი იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევით საზღაურის გაცემასთან.
მუხლი 20.
1. მზღვეველი ვალდებულია დაზარალებულს გადაუხადოს ამ კანონით განსაზღვრული თანხა არა უგვიანეს ორი კვირისა ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტის მიღების მომენტიდან, რომლებიც ადასტურებენ ზიანის მიყენების ფაქტს.
2. მიყენებული ზიანისათვის საზღაურის გაცემის დაუსაბუთებლად შეჩერების შემთხვევაში, მზღვეველი დაზარალებულს უხდის საურავს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 21.
მფლობელი, რომელიც ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციას ახორციელებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაუზღვევლად, პასუხს აგებს ადმინისტრაციული წესით.
მუხლი 22.
1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან იქმნება ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდი.
2. ფონდიდან, ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, ხდება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია:
ა) დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით;
ბ) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტით;
გ) გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით.
3. პასუხისმგებელი პირის დადგენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს უშუალოდ ზიანის მიმყენებელ პასუხისმგებელ პირს, ასევე ტექნიკურ დათვალიერებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტი.
4. ფონდის ფორმირება იწყება ამ კანონის ამოქმედებისთანავე.
5. ყველა მზღვეველი, ვინც მიიღებს მონაწილეობას ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში, ვალდებულია ფონდში შეიტანოს მთლიანი სადაზღვევო პრემიის 10% თითოეულ დაზღვეულზე.
6. ფონდის მიმართ ვრცელდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესი.
7. ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარდგინებით.
მუხლი 23.
მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მოიცავს სასამართლო ხარჯებს, რომლებიც გაწეული იქნება მზღვეველის თანხმობით დაზარალებულის მოთხოვნისაგან დაცვისათვის.
მუხლი 24.
დავა, რომლებიც წარმოიშობა ამ კანონის გამოყენების დროს, განიხილება სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით.
თავი II
გარდამავალი დებულებები
მუხლი 25.
1. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს ამ კანონის ამოქმედებამდე მოამზადოს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისი დამატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი 10%-იანი შენატანი განისაზღვროს 5%-ით.
3. ფონდიდან საზღაურის გაცემა იწყება ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე.
4. მზღვეველის მიერ ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი განხორციელდეს ამ კანონში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, 1999 წლის 31 დეკემბრიდან.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 26.
1. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესების ამოქმედებისთანავე.
2. ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იმ ავტომოტოტრანსპორტზე, რომელთაც კანონის ამოქმედებამდე აქვთ გავლილი ტექნიკური დათვალიერება, უნდა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 27 ივნისი.
№824_IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები