პოლიციის შესახებ

  • Word
პოლიციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 27/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 27/07/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.000.074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
318
27/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 27/07/1993
140.030.000.05.001.000.074
პოლიციის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/06/2000 - 05/12/2000)

საქართველოს კანონი

პოლიციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საქართველოს პოლიცია

1. საქართველოს პოლიცია არის სამართალდამცავი გასამხედროებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც დეპარტამენტის სახით შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და უზრუნველყოფს სახელმწიფოში არსებული კანონიერების რეჟიმის განუხრელ დაცვას.

2. აკრძალულია საპოლიციო ფუნქციების მქონე ფორმირების შექმნა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

    მუხლი 2. პოლიციის ამოცანები

1. პოლიციის ამოცანებია:

ა) კანონით დადგენილი წესით, პიროვნების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ბ) საზოგადოებრივი წესრიგის და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;

გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება;

დ) დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა;

ე) კანონით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

2. აკრძალულია პოლიციის გამოყენება იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც არ ეკისრება ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 3. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები, ეს კანონი, საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტები;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციები, კანონები, ხელისუფლების და მმართველობის უმაღლესი ორგანოების ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობას.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

    მუხლი 4. პოლიციის საქმიანობის პრინციპები

1. პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის და საქვეყნოობის პრინციპებს.

2. პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.

3. აკრძალულია პოლიციაში პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა.

    მუხლი 5. საქვეყნოობა პოლიციის საქმიანობაში

1. პოლიცია თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, შრომითს კოლექტივებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოქალაქეებს.

2. პოლიციას უფლება არა აქვს გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, გამოძიებისა და მოკვლევის მასალები, ინფორმაცია, რომელიც ეხება მოქალაქის პირად ცხოვრებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 6. საქართველოს პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობანი

საქართველოს პოლიცია თანამშრომლობს სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

    მუხლი 7. პოლიციის თანამშრომლობა სხვა ორგანოებთან

საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, მოკვლევის მიზნით პოლიცია თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მშრომელთა კოლექტივებთან და მოქალაქეებთან.

თავი II

პოლიციის მოვალეობები და უფლებები

    მუხლი 8. პოლიციის მოვალეობები

1. პოლიცია თავისი ამოცანების შესაბამისად მოვალეა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს მოქალაქეს სათანადო დახმარება;

ბ) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, შეატყობინოს მის შესახებ ოჯახს, სამუშაო ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ზუსტად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები, მოქალაქის უფლებები შეზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. მოქალაქის უფლების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი წარუდგება მოქალაქეს, წარუდგენს პირადობის მოწმობას, განუმარტავს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს და უფლებებს.

პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ზუსტად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები. თუ პოლიციის თანამშრომლის მოქმედებას, როდესაც იგი ზღუდავს მოქალაქის უფლებას, თან სდევს სიტყვები: „კანონის სახელით!“ , ყოველი მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს და შეასრულოს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა;

დ) დაადგინოს დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, ჩაატაროს სამართალდამრღვევ პიროვნებებთან ინდივიდუალურ-პროფილაქტიკური მუშაობა;

ე) გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული;

ვ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული ინფორმაცია დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედობის და უგზო- უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ;

ზ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, თუ არსებობს ისეთი დანაშაულის ნიშნები, რომლის გამოც წინასწარი გამოძიების წარმოება სავალდებულოა. გამოვლენილი დანაშაულის, დაწყებული წარმოების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს;

თ) დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებებსა და შეტყობინებებზე;

ი) შეასრულოს პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედების შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას;

კ) მოძებნოს დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც გამოძიებას და სასამართლოს ემალება, მოძებნოს უგზო-უკვლოდ დაკარგული და სხვა პირები, რომელთა მოძებნაც მას კანონით ევალება;

ლ) ჩაატაროს ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევები ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;

მ) მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;

ნ) საგანგებო წესების, სამხედრო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს დადგენილი რეჟიმის, ხოლო ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების დროს საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;

ო) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებრივად საშიში ქმედობისა და უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;

პ) მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, ზედამხედველობა გაუწიოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვას, აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალებები, გასცეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობები;

ჟ) უზრუნველყოს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ძლიერმოქმედ ქიმიურ და შხამიან ნივთიერებათა, თავდაცვის ინდივიდუალურ საშუალებათა შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვის, გადაგზავნის კანონით დადგენილი რეჟიმის, ტირების, სასროლეთების და სხვა ობიექტების გახსნისა და საქმიანობის წესების დაცვა;

რ) საჰაერო ხომალდის და საზღვაო ტრანსპორტის მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეამოწმოს გადასატანად წარმოდგენილი მგზავრის ხელბარგი და ბარგი, თუ საჭიროა პირადად შეამოწმოს მგზავრი;

ს) კანონით დადგენილი წესით გასცეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა. უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ რეგისტრაციის და სატრანსპორტო მგზავრობის წესების დაცვა;

ტ) აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას;

უ) აღასრულოს სასამართლოს, პროკურორის და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ;

ფ) კანონით გათვალისწინებული წესით სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანოს ქრონიკული ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ვენერიული სენით ან შიდსით დაავადებული პირი, რომელიც თავს არიდებს ამ დაწესებულებაში გამოცხადებას;

ქ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, კანონით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;

ღ) სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მაწანწალობისა და ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილებაში;

ყ) უზრუნველყოს დაპატიმრებული პირის დაცვა და გადაყვანა საპატიმრო დაწესებულებაში;

შ) აღასრულოს მოსამართლის დადგენილებები ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ;

ჩ) ხელშეკრულების საფუძველზე დაიცვას მესაკუთრის ქონება;

ც) განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები უპატრონო ქონების დასაცავად, ვიდრე ქონება არ გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირს ან მესაკუთრეს;

ძ) უზრუნველყოს ნაპოვნი ან პოლიციაში ჩაბარებული დოკუმენტების, ნივთების, ფასეულობებისა და სხვა ქონების დაცვა-შენახვა. მიიღოს ზომები კანონიერი მფლობელისთვის მათი გადაცემისთვის ან დადგენილი წესით რეალიზაციისთვის;

წ) დადგენილი წესით აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებს იმ პირის შესახებ, რომელიც სისტემატურად ლოთობს, არასამედიცინო მიზნით იყენებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს თუ სხვა გამაბრუებელ საშუალებებს ან რომლის მიმართაც არსებობს საკმაო მონაცემები, რომ დაავადებულია გადამდები ვენერიული სენით ან შიდსით;

ჭ) განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება საფრთხეშია;

ხ) უზრუნველყოს მიტინგების, დემონსტრაციების, მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება;

ჯ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვას დეპუტატები, დეპუტატობის კანდიდატები, მათი ნდობით აღჭურვილი პირები, სახელმწიფო დაწესებულებების თანამდებობის პირები, საარჩევნო კომისიები, თუ მათ კანონიერ საქმიანობას წინააღმდეგობა ექმნება;

ჰ) დაეხმაროს სახანძრო და მაშველ სამსახურებს ხანძრის თავიდან აცილების, ჩაქრობის, აგრეთვე სამაშველო სამუშაოების დროს;

1) დაეხმაროს სამხედრო მმართველობის ორგანოებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავსარიდებულ სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო ვალდებულთა მოძებნაში;

2) დაეხმაროს ბუნების დაცვისა და საბაჟო სამსახურებს კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში;

3) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების შესრულება, რომლებიც დაწესებული აქვთ თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებს; თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებულ პირებს; პირებს, რომლებიც სასჯელის მოხდისგან პირობით არიან გათავისუფლებული; პირებს, რომელთაც გადაედოთ განაჩენის აღსრულება;

4) წერილობით ან ზეპირად ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში მოქალაქეს, რომლის მიმართ პოლიციამ უკანონოდ გამოიყენა იძულების ღონისძიებები. მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები პოლიციის არამართლზომიერი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოქალაქის, ორგანიზაციის მორალური ან ქონებრივი რეაბილიტაციისთვის.

2. შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2312 - სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.186 

    მუხლი 9. პოლიციის უფლებები

პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს:

ა) მოსთხოვოს მოქალაქეს დაიცვას მართლწესრიგი, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;

ბ) შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) სისხლის სამართლის საქმის ან ადმინისტრაციული გადაცდომის მასალებთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიძახოს მოქალაქე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოსთხოვოს საჭირო ცნობები და დოკუმენტები; კანონით დადგენილი წესით იძულებით წარადგინოს პოლიციაში მოქალაქე, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას;

დ) შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;

ე) წარადგინოს და პოლიციაში არა უმეტეს რვა საათისა ამყოფოს სამართალდამრღვევი მისი პიროვნების დადგენისა და ნივთების დათვალიერების მიზნით, რის შესახებაც, კანონით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ შეადგინოს სათანადო ოქმი;

ვ) დადგენილი წესით ჩაატაროს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება;

ზ) დადგენილი წესით დააკავოს პირი, რომელსაც მიესაჯა პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, ან პირი, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლდა შრომაში სავალდებულო ჩაბმით და თვითნებურად მიატოვა სამუშაო ადგილი;

თ) სამედიცინო დაწესებულებაში წარადგინოს პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის შედეგად საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ; გაასინჯოს გამოსაფხიზლებლად მიყვანილი პირი, შეინახოს მისი ნივთები, დოკუმენტები, რის შესახებაც შეადგინოს სათანადო ოქმი;

ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

პენიტენციური სისტემის რეფორმის გარდამავალ პერიოდში, რომლის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს რეკომენდაციებით, თავისი ამოცანების შესასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანიშნოს პოლიციის ოფიცერი;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და დაცვის კონტროლი;

ლ) დანაშაულის აღკვეთის, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მიზნით, ან იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მობინადრეთა თანხმობის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ბინაში, დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის და კერძო პირის კუთვნილ არასაცხოვრებელ სათავსში, მიწის ნაკვეთში (აუცილებლობის შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებითაც), ექსტერიტორიული და სპეციალური სარეჟიმო სტატუსის მქონე არასაცხოვრებელი სათავსის და მიწის ნაკვეთის გარდა, რაც არა უგვიანეს 24 საათისა წერილობით აცნობოს პროკურორს;

მ) აღკვეთოს უკანონო მიტინგი, დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია, თუ იგი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;

ნ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის, ცალკეულ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ჩაკეტოს ან შეზღუდოს მოძრაობა გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე;

ო) აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები; მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა, დადგენილი წესით ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება, აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალება, გასცეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა;

პ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ან რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაშია; პოლიცია მოვალეა ადგილზე შეამოწმოს ეს პირი და დაუყოვნებლივ წარადგინოს იგი სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში სიმთვრალის ხარისხის დასადგენად;

ჟ) დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს ნებართვა საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შეიძინონ, შეინახონ, გადაიტანონ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, აქტიური თავდაცვის საშუალებები და ნაკეთობანი, გაზის პისტოლეტები, გაზიანი ბალონები, ელექტროშოკური მოწყობილობები და სხვა; გააუქმოს ეს ნებართვა, თუ მისი მფლობელები არ ასრულებენ მათი ხმარების დადგენილ წესს და აუცილებლობის შემთხვევაში ჩამოართვას მათ აღნიშნული საგნები, საშუალებები და ნაკეთობანი;

რ) დადგენილი წესით გასცეს იარაღის სარემონტო, პიროტექნიკური საწარმოს, სასროლეთის, ტირის გახსნის ნებართვა; გააუქმოს ასეთი ნებართვა, თუ მისი მფლობელი არღვევს დადგენილ წესს;

ს) დამნაშავის დევნის, დაკავებულის პოლიციაში წარმოსადგენად, აგრეთვე, სამკურნალო დაწესებულებაში იმ პირთა მისაყვანად, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, უფასოდ ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალებით (დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტის გარდა);

ტ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმაო მონაცემების არსებობის საფუძველზე საბაჟო სამსახურთან ერთად ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება;

უ) სამხედრო პატრულის არყოფნის შემთხვევაში დააკავოს სამხედრო მოსამსახურე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის; გადასცეს დაკავებული სამხედრო მოსამსახურე და მოსაკვლევი მასალები სამხედრო კომენდანტს, სამხედრო ნაწილის მეთაურს ან სამხედრო პროკურატურას;

ფ) საგანგებო, სამხედრო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით, პოლიცია დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში აწყობს რეიდებს. რეიდის დროს პოლიციას უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპეციალური ტრანსპორტის გარდა); მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მართვის უფლების მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი, საგზაო ფურცელი, ზედდებული; სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის შემოწმება და ჩხრეკა, მოქალაქის პირადი შემოწმება ან პირადი ჩხრეკა;

ქ) უსასყიდლოდ მიიღოს საწარმოს, ორგანიზაციისა და მოქალაქისგან ინფორმაცია, იმ შემთხვევების გარდა, როცა კანონით დადგენილია ინფორმაციის მიღების სპეციალური წესი;

ღ) კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დანაშაულის გარემოებათა და მის ჩამდენ პირთა დასადგენად, გამოძიებისა და სასამართლოსაგან მიმალული, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის დასადგენად, სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის განსამტკიცებლად;

ყ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის (განსასჯელის), ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპია, ფოტო-კინო-აუდიო და ვიდეო გადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება;

შ) მგზავრების პირადი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით დადგენილი წესით შეაყოვნოს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლა არა უმეტეს 30 წუთისა;

ჩ) დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დაკავების მიზნით ისარგებლოს მოქალაქეთა დახმარებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2312 - სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.186 

თავი III

ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

    მუხლი 10. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით.

2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქისა და პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.

3. სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.

    მუხლი 11. ფიზიკური იძულების გამოყენება

პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამნაშავისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დასაკავებლად, თუ უძალადო მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

    მუხლი 12. სპეციალური საშუალებების გამოყენება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედობებთან ბრძოლის მიზნით პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა;

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება დანაშაულის და საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციის თანამშრომელს, ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის და დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს თავის თავს და გარეშე პირს;

ბ) რეზინის ხელკეტი მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე და დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;

გ) ცრემლსადენი გაზი მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის, საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა- ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პოლიციის თანამშრომელზე და მოქალაქეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერებულიყო;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;

ზ) წყალსატყორცნი და ჯავშანმანქანა საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმაც არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;

თ) სპეციალური საღებავი დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;

ი) სასამსახურო ძაღლი დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, მოქალაქეზე ან პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

კ) სასამსახურო ცხენი დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, საპატრულო სამსახურის შესრულებისას, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად;

ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.

2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს ფიზიკური ან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსს და პროკურორს.

3. აკრძალულია ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახდენენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციის მუშაკთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

4. პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით.

5. პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო აქტებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

    მუხლი 13. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

2. პოლიციის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.

4. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) მძევლების გასათავისუფლებლად;

დ) დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;

ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციის თანამშრომელს ან შეეცდება გაქცევას;

ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;

ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

თ) განგაშის სიგნალის მიცემის ან დამხმარე ძალის გამოძახებისას;

ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.

5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან პატიმრის გაქცევისას;

გ) დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევისას;

ე) დაკავებულის ან დაპატიმრებულის სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის და ტყიან ადგილებში გაქცევისას.

7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ აფეთქებადსაშიშ ადგილებში; ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლეს.

8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი მოვალეა, ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყონებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსს და პროკურორს.

10. პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და საერთაშორისო აქტებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

თ ა ვ ი IV

პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

    მუხლი 14. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

1. დანაშაულის გახსნისა და თავიდან აცილების მიზნით პოლიცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ეწევა ღია და ფარული საშუალებებით და მეთოდებით.

2. აკრძალულია ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომლებიც:

ა) საფრთხეს უქმნის პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;

ბ) საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მეწარმეთა ქონებას და კანონით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს;

გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან დანაშაულის და სხვა სახის სამართალდარღვევის ჩასადენად.

3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც დროებით ზღუდავს პიროვნების პირადი ცხოვრების, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოებას, გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

    მუხლი 15. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული საგნები, დოკუმენტები და ინფორმაცია გამოიყენება:

ა) დანაშაულის გასახსნელად და თავიდან ასაცილებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დასაკავებლად;

ბ) სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებათა მოსაპოვებლად;

გ) იმ ფაქტობრივი მონაცემების მისაღებად, რომლებიც საფუძვლად დაედება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

2. აკრძალულია სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებად ოპერატიულ-სამძებრო გზით მიღებული საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოყენება, თუ იგი მიღებული, შემოწმებული და შეფასებული არ იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას კონტროლს უწევენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროები.

4. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა რეგულირდება ამ კანონით, კანონით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ და სხვა ნორმატიული აქტებით.

თავი V

პოლიციის ორგანიზაცია

    მუხლი 16. პოლიციის სისტემა

1. საქართველოს პოლიცია, რომლის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პოლიციები, თავის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. პოლიციის სამსახურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებენ სამმართველოების და განყოფილებების სახით. რეგიონებში და ადგილებზე პოლიციის სამსახურები სტრუქტურულად შედიან შინაგან საქმეთა რაიონულ, საქალაქო, რეგიონულ სამმართველოებსა და განყოფილებებში.

3. საქართველოს პოლიცია ფუნქციონირებს ცენტრალიზებული წესით.

4. საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პოლიციის სტრუქტურული დანაყოფები შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრების უშუალო დაქვემდებარებაში.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა რაიონული (საქალაქო) განყოფილებების (სამმართველოების) უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაიონის (ქალაქის) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა რაიონული (საქალაქო) განყოფილებების (სამმართველოების) უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით და რაიონის (ქალაქის) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.

7. პოლიციის ორგანიზაციასა და სტრუქტურას განსაზღვრავს დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

    მუხლი 17. შინაგან საქმეთა სხვა ორგანოების მუშაკთა მონაწილეობა პოლიციის ამოცანების შესრულებაში

1. საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულობასთან ბრძოლის, მაგისტრალური გზებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის ამოცანების შესრულებაში შეიძლება ჩაებნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის სამხედრო ქვედანაყოფები (ასეული, ბატალიონი, ბრიგადა), ხოლო საგანგებო და სამხედრო მდგომარეობის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელთა მსმენელები და ამ სასწავლებელთა ატესტირებული თანამშრომლები.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები ვრცელდება შინაგანი ჯარის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელთა მსმენელებზე, ამ სასწავლებელთა ატესტირებულ თანამშრომლებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

    მუხლი 18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია პოლიციის საქმიანობაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს პოლიციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს:

ა) ახორციელებს პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

ბ) კოორდინაციას და სამსახურებრივ კონტროლს უწევს პოლიციის ორგანოებისა და ქვედანაყოფების საქმიანობას;

გ) სამეცნიერო-საკონსულტაციო, მეთოდიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს პოლიციას;

დ) ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და ქალაქების პოლიციის თანამშრომლებს გზავნის სამსახურის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სტიქიური უბედურების, კატასტროფების, მასობრივი არეულობისა და საგანგაშო შემთხვევების დროს რესპუბლიკური და სხვა რეგიონთაშორისო ღონისძიებების განხორციელებისას მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით;

ე) საგანგებო, სამხედრო და სხვა ექსტრემალური მდგომარეობისას უზრუნველყოფს პოლიციის პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე;

ვ) აყალიბებს და განაგებს საცნობარო-საინფორმაციო ბანკს;

ზ) ამყარებს კავშირებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა საპოლიციო ორგანოებთან;

თ) ხელმძღვანელობს პოლიციის კადრების მომზადებას;

ი) აკონტროლებს პოლიციის თანამშრომელთა მიერ დადგენილი წესისა და დისციპლინის დაცვას;

კ) შეიმუშავებს პოლიციაში სამსახურის ერთიან მოთხოვნებს, პირობებსა და წესს, საშტატო ერთეულების ტიპობრივ ნორმატივებს;

ლ) ადგენს პოლიციაში საქმის წარმოების ორგანიზაციის წესსა და პირობებს;

მ) წარმოადგენს პოლიციის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებში;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს პოლიციის პირადი შემადგენლობისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.

თავი VI

სამსახური პოლიციაში. პოლიციის კადრები

    მუხლი 19. პოლიციის თანამშრომელი

1. პოლიციის თანამშრომელი არის საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი.

2. პოლიციის თანამშრომლის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის თანამშრომელი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია.

4. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია. თანამდებობის შესაბამისად მას ენიჭება სპეციალური წოდება და სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სასამსახურო იარაღის ტარების უფლება.

5. პირი, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე ან ხელშეკრულებით მუშაობს პოლიციაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია. მისი სამართლებრივი სტატუსი, უფლებები და მოვალეობები, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 20. პოლიციის სამსახურში მიღების წესი

1. პოლიციის სამსახურში მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 18 და არა უმეტეს 35 წლისა, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.

2. პოლიციის სამსახურში მიღებული პირი სავალდებულო სპეციალურ მომზადებას გადის დადგენილი წესის მიხედვით.

3. პოლიციის სამსახურში მიღებული პირი თავისუფლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან, იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობაში.

4. პირი პოლიციის რიგოსან და უმცროს მეთაურთა თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ხელშეკრულების საფუძველზე.

5. პოლიციაში არ მიიღებიან:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, შიდსით, ფსიქიური და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

გ) პირი, რომელიც სასამართლო წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.

    მუხლი 21. პოლიციაში სამსახურის გავლის წესი

1. პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით.

2. აკრძალულია პოლიციის თანამშრომლის გაფიცვა ან მასში მონაწილეობა.

3. თანამშრომელს აკრძალული აქვს სამსახურთან ერთად ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში.

4. თანამშრომელს აკრძალული აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.83

    მუხლი 22. პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი

1. პოლიციის თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ:

ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მიხედვით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადებისას, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;

დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის;

ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;

ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისთვის;

ზ) შტატების შემცირებისას;

თ) სახელმწიფო ხელისუფლების, მმართველობის, პროკურატურის ორგანოებში, სასამართლოში არჩევის ან დანიშვნისას;

ი) საკუთარი სურვილით;

კ) ფიცის გატეხის, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელისთვის;

ლ) დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

მ) კორუფციული სამართალდარღვევისათვის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

2. პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრები, ქალაქის (რაიონის) შინაგან საქმეთა განყოფილებების (სამმართველოების) უფროსები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების უფროსები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.83

    მუხლი 23. პოლიციის კადრების მომზადება

1. პოლიციის კადრების მომზადება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლეს, საშუალო სპეციალურ სასწავლებლებსა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში.

2. შინაგან საქმეთა უმაღლეს და საშუალო-სპეციალურ სასწავლებლებში მიიღება საქართველოს მოქალაქე ჩვიდმეტიდან ოცდაათ წლამდე, რომელიც აკმაყოფილებს პოლიციის თანამშრომლისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, ხოლო უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ამ სასწავლებელში მიიღება დადგენილი წესით.

თავი VII

პოლიციის თანამშრომლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა. პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

    მუხლი 24. პოლიციის საქმიანობაში ჩაურევლობა

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი ხელმძღვანელობს კანონით.

2. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება პოლიციის თანამშრომელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

3. აკრძალულია პოლიციის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 25. პოლიციის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა

1. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და თანამდებობის პირისთვის.

2. პოლიციის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობას, ქონებას, პატივსა და ღირსებას იცავს კანონი.

3. პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფა, წინააღმდეგობის გაწევა, მისი სიცოცხლის ხელყოფა ან სხვა ქმედობა, რომელიც ხელს უშლის პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ისჯება კანონით.

    მუხლი 26. პოლიციის თანამშრომლის უფლება სასამართლო დაცვაზე

პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ.

    მუხლი 27. პოლიციის თანამშრომლის ქმედობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება

1. პოლიციის თანამშრომლის უკანონო ქმედობით მოქალაქეებისთვის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პოლიციის თანამშრომლის მართლზომიერი მოქმედებით მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 28. პოლიციის თანამშრომლის ფორმა

1. პოლიციის თანამშრომელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

2. პოლიციის თანამშრომელს თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

    მუხლი 29. წახალისება მუშაობაში წარმატებებისთვის

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი უმწიკვლო მუშაობისა და სხვა მიღწევებისთვის პოლიციის თანამშრომლის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა;

დ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;

ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ზ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

თ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისთვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. პოლიციის თანამშრომლის წახალისების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდება.

    მუხლი 30. პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

1. პოლიციის თანამშრომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულისთვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულისთვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პოლიციის თანამშრომელი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ზ) დისციპლინური პატიმრობა 3-დან 10 დღე-ღამემდე ჰაუპტვახტში მოხდით;

თ) შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა.

4. დისციპლინური სახდელების შეფარდების და მოხსნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდება.

    მუხლი 31. პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლის სოციალურ დაცვას.

2. პოლიციის თანამშრომლისთვის დადგენილია ორმოცდაერთსაათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე.

3. პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს:

ა) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს;

ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს;

გ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია;

დ) დანამატს დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

4. პოლიციის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობა 30 კალენდარული დღეა, თუ მას აქვს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის 10 წლამდე სტაჟი; 35 კალენდარული დღე 10-დან 15 წლამდე; 40 კალენდარული დღე 15-დან 20 წლამდე; 45 კალენდარული დღე 20 წელზე მეტი მუშაობის სტაჟისთვის .

5. პოლიციის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის ან მისი ახლობლისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს .

7. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5-წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით .

8. პოლიციის თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო-კომუნალური ფონდიდან ეძლევა საცხოვრებელი ბინა ან სახლი და რიგგარეშე ედგმება ტელეფონი. ბინის კომუნალური მომსახურების ქირას (დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გარდა) და ტელეფონის გადასახადს იგი იხდის ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო.

9. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელი სარგებლობს შეღავათებით მიწის რენტის გადასახადის, კოოპერაციული ან ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტის მიღების უფლებით .

10. პოლიციის თანამშრომელს სახელმწიფო-კომუნალური ფონდიდან საცხოვრებელი ბინის (სახლის) გამოყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში ეძლევა სრული კომპენსაცია დროებითი საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქირის გადასახდელად .

11. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახეობის ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) სახელმწიფოს ხარჯზე.

12. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ასაკის, ავადმყოფობის, შტატების შემცირების ან ჯანმრთელობის მოშლის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პენსიის მიღების უფლება. მას და მისი ოჯახის წევრებს უნარჩუნდებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება.

სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის ასეთივე უფლება უნარჩუნდებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციის თანამშრომლის ოჯახის წევრებს .

13. პოლიციის თანამშრომელს პენსია ენიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წელთა ნამსახურობის ვადის მიღწევის გამო პენსიაზე გასვლის დროს ან პროფესიული დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე დადგენილი ასაკის შესრულების ან ინვალიდობის გამო. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიციის თანამშრომელს უნარჩუნდება ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიები .

14. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, სატრანსპორტო საშუალების შენახვის, საწვავ-საპოხი მასალის ხარჯებს უნაზღაურებს სახელმწიფო დადგენილი წესით.

15. საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს მივლინების მოწმობის საფუძველზე ურიგოდ შეიძინოს სამგზავრო ბილეთი ყველა სახის ტრანსპორტზე და ურიგოდ შესახლდეს სასტუმროში .

16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №588 - პარლამენტის უწყებანი, №9-10, 15. 03.1997 წ., გვ.52

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №413 - სსმ I, №25, 11.07.2000 წ., მუხ.69

თავი VIII

პოლიციის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 32. საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და ქალაქების პოლიციის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და ქალაქების პოლიცია ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან, დაწესებულებების, ორგანიზაციების და მოქალაქეებისგან შემოსული სახსრებიდან.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიონის (ქალაქის) შინაგან საქმეთა განყოფილებებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით შეუძლიათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსონ პოლიციის თანამშრომელთა დამატებითი საშტატო ერთეულები.

3. პოლიციას, მის ქვედანაყოფებს და დაწესებულებებს, შენობა-ნაგებობებით და კავშირგაბმულობის საშუალებებით უფასოდ უზრუნველყოფენ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, ხოლო სატრანსპორტო პოლიციის ორგანოებს, ქვედანაყოფებს და დაწესებულებებს შესაბამისი სატრანსპორტო უწყებები და ორგანოები.

4. ფორმის ტანსაცმლით, ტაბელის იარაღით, ტყვია-წამლით, სპეციალური საშუალებებითა და ტექნიკით რაიონისა და ქალაქის პოლიციას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

თავი IX

პოლიციის საქმიანობაში მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერების დაცვის გარანტიები

    მუხლი 33. პოლიციელის ქმედობის გასაჩივრების უფლება

მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს პოლიციელის ქმედობა პოლიციის ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში.

    მუხლი 34. განცხადებებისა და საჩივრების განხილვა პოლიციაში

1. პოლიცია განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს კანონიერების დარღვევებზე.

2. პოლიციაში შემოსული განცხადება და საჩივარი განიხილება არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.

3. დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ პოლიციაში შემოსული განცხადება ან საჩივარი დაუყოვნებლივ განიხილება.

4. ანონიმური განცხადება და საჩივარი არ განიხილება.

    მუხლი 35. პოლიციის საქმიანობის კონტროლი

1. პოლიციის საქმიანობას აკონტროლებენ ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. პოლიციის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოები არ ერევიან მის ოპერატიულ-სამძებრო და საპროცესო საქმიანობაში ან ადმინისტრაციულ გადაცდომათა საქმის წარმოებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური

ედუარდ შევარდნაძე

საქარველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1993 წლის 27 ივლისი.

№318-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №588 - პარლამენტის უწყებანი, №9-10, 15.03.1997 წ., გვ.52

2. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

3. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.83

4. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2312 - სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.186 

5. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

6. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №413 - სსმ I, №25, 11.07.2000 წ., მუხ.69

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „პოლიციის შესახებ“ სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს მიღებისთანავე, გარდა მე-9 მუხლის მე-11 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიამ პარლამენტის უახლოეს სხდომას განსახილველად წარმოუდგინოს ზემოაღნიშნული პუნქტისა და ნაწილის შეთანხმებული რედაქცია.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ.

3. საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტს შემდეგი კანონპროექტები:

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის ფიცის ტექსტი;

კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ;

კანონი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობათა შესახებ.

4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება;

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები;

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხა;

პოლიციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი დადგენილებები.

საქართველოს პარლამენტის                    ვახტანგ რჩეულიშვილი.

სპიკერის მოადგილე

თბილისი,

1993 წლის 27 ივლისი.

41. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1444-Iს - ვებგვერდი, 28/10/2013 40. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 664-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 39. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 38. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 37. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 36. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 35. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2713 - სსმ, 12, 24/03/2010 34. 15/01/2010 - საქართველოს კანონი - 2529 - სსმ, 5, 25/01/2010 33. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2390 - სსმ, 48, 29/12/2009 32. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1503 - სსმ, 115, 03/08/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 618 - სსმ, 35, 05/12/2008 30. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 481 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 217 - სსმ, 133, 28/07/2008 28. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5211 - სსმ, 28, 18/07/2007 27. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4513 - სსმ, 13, 16/04/2007 26. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4269 - სსმ, 51, 31/12/2006 25. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4199 - სსმ, 1, 03/01/2007 24. 08/12/2006 - საქართველოს კანონი - 3886 - სსმ, 48, 22/12/2006 23. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3151 - სსმ, 19, 01/06/2006 22. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3145 - სსმ, 20, 09/06/2006 21. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2951 - სსმ, 15, 16/05/2006 20. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2950 - სსმ, 15, 16/05/2006 19. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2493 - სსმ, 56, 28/12/2005 18. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2446 - სსმ, 56, 28/12/2005 17. 11/11/2005 - საქართველოს კანონი - 2103 - სსმ, 49, 30/11/2005 16. 08/07/2005 - საქართველოს კანონი - 1890 - სსმ, 42, 29/07/2005 15. 17/06/2005 - საქართველოს კანონი - 1679 - სსმ, 35, 04/07/2005 14. 20/04/2008 - საქართველოს კანონი - 1335 - სსმ, 22, 18/05/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1358 - სსმ, 19, 28/04/2005 12. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 495 - სსმ, 32, 10/11/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 13/08/2004 - საქართველოს კანონი - 397 - სსმ, 25, 27/08/2004 10. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 178 - სსმ, 178, 15/07/2004 9. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3405 - სსმ, 5, 04/03/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2466 - სსმ, 21, 15/07/2003 7. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 638 - სსმ, 48, 16/12/2000 6. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 413 - სსმ, 25, 11/07/2000 5. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 4. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2312 - სსმ, 38(45), 04/08/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 984 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 2. 16/10/1997 - საქართველოს კანონი - 946 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 1. 21/02/1997 - საქართველოს კანონი - 588 - პარლამენტის უწყებანი, 9-10, 15/03/1997