დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 30/09/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.012.224 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2008 - 24/10/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.224
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №220
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესა-ხებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს, მართვის ორგანიზაციას, სტრუქტურას და კომპეტენციას, სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს, საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს.
მუხლი 2. აღსრულების ეროვნული ბიურო
1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სრული დასახელებაა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო“. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, სხვა ნებისმიერ რეკვიზიტსა და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს შემოკლებული დასახელების („აებ“) გამოყენება, მაგრამ ყველა შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს დასახელება უნდა მოიცავდეს მითითებას „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
5. აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბლანკიანი ფურცელი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი.
მუხლი 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს:
ა) სააღსრულებო წარმოების პროცესის კოორდინაციასა და კონტროლს;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა კონტინგენტის მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებას;
გ) სააღსრულებო ბიუროების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;
დ) სააღსრულებო ბიუროების, აღმასრულებელთა, აღსრულების პოლიციის ადგილობრივი განყოფილებებისა და აღსრულების პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს, მათ საქმიანობაზე ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ე) სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, რომელსაც წარუდგენს მინისტრს;
ზ) სააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას;
თ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას და საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
კ) ტერიტორიული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ლ) სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
მ) სამსახურებრივი და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებული დავების განხილვას;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობა
1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
4. თავმჯდომარის შვებულების, მივლინების ან სხვა გარემოებათა გამო მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;
ე) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააღსრულებო ბიუროების სისტემას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ზ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუ-როების დებულებებს, განსაზღვრავს მათ საიდენტიფიკაციო ნომრებს;
ი) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრებს და ქონებას;
ლ) ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
მ) მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს მოადგილეებს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს და სააღსრულებო ბიუროს უფროსებს (უფროს აღმასრულებლებს);
ნ) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების, მათ შორის, ფინანსური საქმიანობის განხორციელება, დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება თავის მოადგილეებზე;
ო) საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
პ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ჟ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
რ) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს თანამშრომლებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები;
ს) უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ტ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების და აღმასრულებელთა ბეჭდების, შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს, კოდურ აღნიშვნებს და სამსახურებრივი მოწმობის ნიმუშებს;
უ) ანიჭებს აღმასრულებლებს პირად საიდენტიფიკაციო ნომრებს;
ფ) იხილავს სამსახურებრივ და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავებს;
ქ) საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებელს უცვლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე;
ღ) უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად, აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელებისაგან შექმნას მიზნობრივი სპეციალური ჯგუფი;
ყ) წყვეტს საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და ამ მუხლის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმეების სპეციალური ჯგუფისათვის აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხს;
შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს საქმიანობას;
ჩ) უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით განსაზღვროს სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებელთა სპეციალიზაცია;
ც) ანაწილებს მოვალეობებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ძ) თვალყურს ადევნებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, ახორციელებს თანამ-შრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, უფლებამოსილია გააუქმოს (ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) მათი არამართლზომიერი გადაწყვეტილებები, გარდა აღმასრულებლის მიერ გამოცემული აქტებისა;
წ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას და წარუდგენს მინისტრს;
ჭ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
ხ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა აღსრულების ეროვნული ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;
ჯ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ;
ჰ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები
1. აღსრულების ეროვნული ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა.ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება;
ა.დ) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ბ.ა) იურიდიული განყოფილება;
ბ.ბ) სამართალშემოქმედების განყოფილება;
გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
გ.ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
გ.ბ) ფინანსებისა და შესყიდვების განყოფილება;
გ.გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;
დ) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) აღსრულების პოლიციის სამმართველო, რომლის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;
ვ) საგამოძიებო სამმართველო, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ვ.ა) აღმოსავლეთის განყოფილება;
ვ.ბ) დასავლეთის განყოფილება.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ფუნქციები, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
მუხლი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
გ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (არქივირებას);
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ გაცემას;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;
ვ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვასა და ადმინისტრირებას, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;
თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამის დამუშავებას;
ი) ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგს, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორებას და მათ შევსება-სრულყოფას;
კ) ჯამური – ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემების) წარმოებასა და მათ ანალიზს, ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;
მ) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზებას;
ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირებას, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;
ო) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების აღსრულების სისტემებთან აქტიურ ურთიერთობას;
პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებით სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზებას;
ჟ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადებას, უცხოეთიდან მიღებული კორესპონდენციის შესაბამის დამუშავებას, გავრცელებასა და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისთვის მიწოდებას;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების სხვა დავალებების შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს ადმინისტრაციის საქმისწარმოების გან-ყოფილება, „დ“ „ე“, „ვ“, „მ“ „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთო-ბის განყოფილება, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს ადმინისტრაციის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება, „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს ადმინისტრაციის სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება.
3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სამართლებრივი მომსახურებით უზრუნველყოფას;
ბ) აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენას;
გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივ დასკვნების მომზადებას;
დ) აღსრულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისა და გამოცდილების შესწავლას და ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
ე) სასამართლო ორგანოებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა ტრენინგებსა და სწავლებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, აღსრულებასთან დაკავშირებული, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადებას;
თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს იურიდიული განყოფილება, ხოლო „ბ“, „დ“, „ვ“ და „ზ“, ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სამართალშემოქმედების განყოფილება.
5. საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;
გ) გამოყოფილი სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის ფორმის განსაზღვრას;
ე) ტენდერის გამოცხადების ორგანიზებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვასა და ორგანიზებას;
ზ) ბალანსის მომზადებას;
თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
კ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ლ) ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
მ) სამეურნეო საქმიანობის წარმართვას;
ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების დაფინანსებას;
პ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვას;
ჟ) ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ფინანსებისა და შესყიდვების განყოფილება, „ა“, „ი“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
7. საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში კადრების აღრიცხვას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადებას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლას და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;
დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობას, მათი პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას, საკადრო რეზერვის შექმნას;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე სათანადო მასალების მომზადებას;
ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
თ) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;
კ) შრომის შინაგანაწესის შემუშავებას, მის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;
ლ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გაცემას და აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნისას მისთვის მისანიჭებელი საიდენტიფი-კაციო ნომრის განსაზღვრას;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელებას.
8. საგამოძიებო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3771 , 3772 , 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3771 , 3772 , 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელობა
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი-სუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
2. აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს (უფროსი აღმასრულებელი) “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 9. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და მათში შემავალი განყოფილებების ხელმძღვანელთა ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სამმართველოს (ადმინისტრაციის) უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს თავმჯდომარისა და მისი ერთ-ერთი მოადგილის სხვა დავალებებს.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს თავმჯდომარის, მისი ერთ-ერთი მოადგილის და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 10. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. აკრძალულია აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
მუხლი 12. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო კონტროლი
1. აღსრულების ეროვნული ბიურო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აღსრულების ეროვნული ბიუროს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით სხვა ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. სამინისტროს როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 13. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 14. დასკვნითი დებულება
აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები