უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • Word
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 16/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080.090.020.05.001.001.308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2391
06/06/2003
სსმ, 17, 16/06/2003
080.090.020.05.001.001.308
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/06/2003 - 25/02/2004)

საქართველოს კანონი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

 

��� მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

2. ეს კანონი არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოვლენასთან და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ამ კანონით გათვალისწინებულ საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებსა და შესაბამის პირებს შორის, აგრეთვე ურთიერთობებს, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, თუ მათ მიერ დადებული ან შესრულებული გარიგებები ექვემდებარება მონიტორინგს.

��� მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უკანონო შემოსავალი � პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, სხვა ქონება ან ქონებრივი უფლებები, რომლებიც მან მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის (მათ შორის, იარაღით ვაჭრობის, ნარკოტიკული დანაშაულების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის) ჩადენის შედეგად, გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენის შემთხვევებისა;

ბ) ქონება � საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;

გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია � წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;

დ) მონიტორინგი � ამ კანონით გათვალისწინებული პირების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;

ე) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონა � ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით;

ვ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები � ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;

ზ) საზედამხედველო ორგანო � ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობას უწევს მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობას;

თ) საეჭვო გარიგება � გარიგება, რომელზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით (არა აქვს დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, შეუძლებელია გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია ან გარიგების თანხის წარმოშობის დადგენა) ან რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან;

ი) სამართალდამცავი ორგანოები � საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ორგანოები;

კ) არარეზიდენტი პირი � პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ლ) პირის იდენტიფიკაცია � ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული პირის შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა მისი შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით;

მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური � ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ნ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი � ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;

ო) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი � �არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი.

��� მუხლი 3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები

მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან:

ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები;

ბ) საბროკერო კომპანიები და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები;

გ) სადაზღვევო კომპანიები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები;

დ) ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირები;

ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები;

ვ) საბაჟო ორგანოები;

ზ) გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირები;

თ) ნოტარიუსები;

ი) საფოსტო ორგანიზაციები.

��� მუხლი 4. საზედამხედველო ორგანოები

საზედამხედველო ორგანოები არიან:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი � კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის;

ბ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია � საბროკერო კომპანიებისათვის და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის;

გ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური � სადაზღვევო კომპანიებისათვის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო � ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; საბაჟო ორგანოებისათვის და გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო � ნოტარიუსებისათვის;

ვ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო � საფოსტო ორგანიზაციებისათვის.

��� მუხლი 5. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები

1. ამ კანონის მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ანდა მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ ამ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის ფასი აღემატება 20 000 ლარს ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში და 40 000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში და, ამავდროულად, გარიგება საეჭვოა და წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გარიგებას.

2. კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მონიტორინგს ექვემდებარება შემდეგი გარიგებები:

ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით, აგრეთვე ბანკნოტის ერთი ნომინალის მეორეზე გადაცვლა;

ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით;

გ) თანხის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებულ ბანკში საბანკო ანგარიშის მფლობელის მიერ საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვა ან ასეთ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე საქართველოდან გადარიცხვა;

დ) არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება;

ე) თანხის საქართველოდან სხვა სახელმწიფოში გადარიცხვა ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან საქართველოში გადმორიცხვა;

ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა �ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;

ზ) საბანკო ანგარიშის (მათ შორის, სადეპოზიტო ანგარიშის) გახსნა მასზე ფულადი სახსრების ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განთავსებით;

თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;

ი) სესხის გაცემა უზრუნველყოფის გარეშე;

კ) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა.

3. საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მონიტორინგს ექვემდებარება:

ა) გარიგებები, შესრულებული წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა;

ბ) გარიგებები, შესრულებული ფასიანი ქაღალდებით, არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში მყოფი ან რეგისტრირებული პირის ანდა ასეთ ზონაში რეგისტრირებულ ბანკში საბანკო ანგარიშის მფლობელის მიერ.

4. სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მონიტორინგს ექვემდებარება სადაზღვევო პრემიის ან/და საპენსიო შესატანის მიღება.

5. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების მონიტორინგს ექვემდებარება მოგების ფულადი ან ნივთობრივი სახით გაცემა, აგრეთვე ფულადი სახსრების მიღება.

6. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მონიტორინგს ექვემდებარება ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის და ანტიკვარული ნივთების ყიდვა-გაყიდვა.

7. საბაჟო ორგანოების მონიტორინგს ექვემდებარება ფულადი ნიშნების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.

8. გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირების მონიტორინგს ექვემდებარება გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების ფულადი სახით მიღება და გაცემა.

9. ნოტარიუსების მონიტორინგს ექვემდებარება ქონების ყიდვა-გაყიდვასთან ან სხვაგვარად განკარგვასთან დაკავშირებული გარიგებები.

10. საფოსტო ორგანიზაციების მონიტორინგს ექვემდებარება საფოსტო ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა.

��� მუხლი 6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის) იდენტიფიკაცია.

2. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან მოახდინონ აგრეთვე საბანკო ანგარიშის გამხსნელი ყველა პირის, მის გახსნაზე ან განკარგვაზე უფლებამოსილი ყველა წარმომადგენლისა და იმ მესამე პირის იდენტიფიკაცია, რომლის სახელზედაც იხსნება ანგარიში.

3. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან საბანკო ოპერაციები, რომლებიც არ ითვალისწინებს პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნას, მათ შორის, ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა, აწარმოონ მხოლოდ ამ პირის იდენტიფიკაციის შემდეგ. ასეთი ოპერაციები შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ექვემდებარება მონიტორინგს ამ კანონის მიზნიდან გამომდინარე.

4. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან აღრიცხონ ამ კანონის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):

ა) გარიგების სახე, ფორმა, საგანი, საფუძვლები და მიზანი;

ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;

გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები);

დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება;

ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას.

5. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ დადგინდეს ფიზიკური პირის შემთხვევაში � მისი სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და საცხოვრებელი ადგილი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში � მისი სახელწოდება, საქმიანობის საგანი, იურიდიული მისამართი, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, წარმომადგენლობები და ფილიალები.

6. რეზიდენტი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია: ფიზიკური პირის შემთხვევაში � იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პირადობის მოწმობა ან იურიდიული ძალის მქონე მოქალაქის პასპორტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში � სასამართლოს დადგენილება იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

7. არარეზიდენტი იურიდიული პირი ვალდებულია მოახდინოს მისი იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ხოლო მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) � გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.

2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ინახება ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ასლი, დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად მიმღები პირის (მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ.

3. ინფორმაცია (დოკუმენტი) იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით.

��� მუხლი 8. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით

1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით განახორციელონ შიდა კონტროლი.

2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით შეიმუშაონ შიდა ინსტრუქციები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან ასაცილებლად და მიიღონ შესაბამისი ზომები მათი შესრულების მიზნით.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება.

4. ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული ვალდებულია:

ა) განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესრულების კონტროლი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით;

ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელს წერილობით, შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.

6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის პროცესში ჩართული თანამშრომლების პერიოდული სწავლება.

7. თუ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს არ შეუძლია შიდა კონტროლის უშუალოდ განხორციელება, შიდა კონტროლის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმებით.

��� მუხლი 9. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით

1. თუ მონიტორინგის განხორციელებისას მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს გაუჩნდებათ დასაბუთებული ვარაუდი, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგება საეჭვოა ანდა დადებულია ან შესრულებულია საეჭვო გარიგების დანაწევრების ან სხვა არაკანონიერი მიზნით, ისინი ვალდებულნი არიან წერილობით აცნობონ ეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის წერილობით მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებასა და გაგზავნას. ანგარიშგება წარდგენილი უნდა იქნეს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან ანდა დასაბუთებული ვარაუდის გაჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში.

3. ანგარიშგების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მაგრამ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეინახოს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

4. თუ ანგარიშგების წერილობით წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ანგარიშგება მოახდინოს სიტყვიერად, მაგრამ სიტყვიერი შეტყობინების დრო და მიმღები პირი აღნიშნოს შემდეგ წარდგენილ წერილობით ცნობაში.

��� მუხლი 10. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური იქმნება საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ამ კანონის, �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონისა და �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას. ანგარიშგების ფორმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების, აგრეთვე საბანკო ანგარიშების (სადაც ეს შესაძლებელია) შესახებ.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვა შესაბამისი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;

ბ) საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისათვის;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს (გამოსცეს) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის პირობებისა და წესის შესახებ;

დ) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელ და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;

ე) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით გააგზავნოს შეკითხვები და მიიღოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს.

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვალდებულია:

ა) შექმნას საინფორმაციო ქსელი, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნა და ფუნქციონირება;

ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა, დაუყოვნებლივ, რომელიმე ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე გადასცეს ეს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) და სათანადო მასალები საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამის სამსახურს;

გ) შეისწავლოს ამ კანონის შესრულების მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის მიზნის მიღწევას.

6. ნებისმიერი პირი ან ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებულ, საქართველოს კანონმდებლობით კონფიდენციალურად აღიარებულ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე.

7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, წარმომადგენლობასთან, ანგარიშვალდებულებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

��� მუხლი 11. საზედამხედველო ორგანოების პასუხისმგებლობა

1. საზედამხედველო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (გარიგების შესახებ, მათ შორის, მისი მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მიწოდების, შიდა კონტროლის განხორციელებისა და სხვ.) შესრულების შემოწმებისათვის, განსაზღვრული წესითა და პროცედურით.

2. საზედამხედველო ორგანოები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან, საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით და დაეხმარონ სამართალდამცავ ორგანოებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. თუ ზედამხედველობის განხორციელებისას საზედამხედველო ორგანოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ გარიგება საეჭვოა, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული ინფორმაცია სამსახურს უკვე მიაწოდა მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა.

��� მუხლი 12. პასუხისმგებლობა ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებსა და საზედამხედველო ორგანოებს არა აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირებს ან სხვა პირებს, რომ გარიგების შესახებ ინფორმაცია გადაეცა შესაბამის ორგანოს ან პირს მათი ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მათ ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საზედამხედველო და სამართალდამცავი ორგანოები, მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კანონის შესაბამისად მიღებული იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც შეიცავს პირად, საბანკო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, და ასეთი ინფორმაცია გასცენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, საზედამხედველო ორგანოებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ანდა ასეთი ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასა და მასალებს საქართველოს გენერალური პროკურატურა გადასცემს ქვემდებარეობის წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

��� მუხლი 13. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების, წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიაზე.

2. სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ის ინფორმაცია, რომელიც ეხება უკანონო შემოსავლის გამოვლენასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი ზიანს არ აყენებს საქართველოს ეროვნულ უშიშროებას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და საშუალებას აძლევს ამ სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შესაბამის საკითხზე აწარმოონ გამოძიება.

3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნიან თხოვნებს საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე და უპასუხებენ მათ ანალოგიურ თხოვნებს.

4. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას და მას იყენებენ მხოლოდ გაგზავნილ თხოვნაში მითითებული მიზნებისათვის.

��� მუხლი 14. მატერიალური ზიანის ანაზღაურება

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა და საზედამხედველო და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების დარღვევის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ზიანის მიმყენებელი � შესაბამისად ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, საზედამხედველო ან სამართალდამცავი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო�დაუსაბუთებელი ვარაუდის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების გენერალური პროკურატურის შესაბამისი სამსახურისათვის გადაცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ბრძანებულება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

3. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაასრულოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების გატარება.

4. 2004 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის პირობებისა და წესის შესახებ:

ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) � საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და საზედამხედველო ორგანოების მიერ;

ბ) შიდა ინსტრუქციების გამოცემა � მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ.

5. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში საზედამხედველო ორგანოებმა შეიმუშაონ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ამ კანონის დარღვევისათვის სანქციების განსაზღვრის წესი.

6. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადაში:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვასთან დაკავშირებით, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მიღებული ინფორმაციის კეთილსინდისიერი გამოყენება და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება;

ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატაროს ანგარიშსწორების უნაღდო ფორმების გამოყენებისა და გავრცელების გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებები და წარმოადგინოს საკანონმდებლო წინადადებები, რომლებითაც შეიზღუდება დამნაშავე პირების მიერ კომერციული ბანკების კონტროლი.

��� მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა მე-10 და მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-10 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2391-IIს

36. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5226-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3821-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 34. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3603-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 33. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1909-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 32. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 449-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 31. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5389-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 30. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4453-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 29. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4200-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 28. 17/07/2015 - საქართველოს კანონი - 4066-რს - ვებგვერდი, 29/07/2015 27. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3961-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 26. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3901-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 25. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3376-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 24. 24/12/2014 - საქართველოს კანონი - 2965-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 23. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2940-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 22. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2464-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 21. 27/11/2013 - საქართველოს კანონი - 1638-Iს - ვებგვერდი, 10/12/2013 20. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1275-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 357-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 18. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6548-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 17. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 16. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6322-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 15. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5580 - ვებგვერდი, 111228076, 28/12/2011 14. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5353-IIს - ვებგვერდი, 111208019, 08/12/2011 13. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5010-რს - ვებგვერდი, 110715012, 15/07/2011 12. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 11. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 10. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2829 - სსმ, 19, 13/04/2010 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1681 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 483 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5952 - სსმ, 8, 28/03/2008 6. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5200 - სსმ, 28, 18/07/2007 5. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5163 - სსმ, 27, 17/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4518 - სსმ, 9, 31/03/2007 3. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3644 - სსმ, 44, 27/11/2006 2. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3422 - სსმ, 27, 17/07/2006 1. 25/02/2004 - საქართველოს კანონი - 3422 - სსმ, 7, 16/03/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას