უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • Word
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 16/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.002.120
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2535
27/12/2005
სსმ, 3, 16/01/2006
010.120.000.05.001.002.120
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/05/2006 - 25/05/2006)

საქართველოს კანონი

უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

კარი I

ზოგადი დებულებანი

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის ამოცანები, მიზნები და რეგულირების სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ამ კანონის მიზანია:

ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების და სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა სამართლებრივი გარანტიები;

ბ) დაიცვას უცხოელთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;

გ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში;

დ) განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და გადაადგილების თავისუფლების, საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები;

ე) განამტკიცოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან უცხოელთა მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში;

ვ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას უკანონო და ფარული მიგრაციის თავიდან აცილების სფეროში, აგრეთვე თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება და ამ პროცესებში სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობა.

2. ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე გაძევების ფორმებსა და პროცედურას, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

3. ამ კანონის, გარდა V თავისა, მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის, მათ შორის, ლტოლვილის სტატუსის, მქონე პირებზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე ამ კანონის მესამე კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი, რომელსაც დოკუმენტურად არ უდასტურდება ან/და არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;

გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება;

დ) ვიზის ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში აღნიშნული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს უფლება აქვს იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ყოფნის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას, აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან;

ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე;

ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;

ზ) ინსპექტირება სასაზღვრო გამტარ პუნქტში – უცხოელის შემოსვლისას და გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლი;

თ) უცხოელის ნათესავი – უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილობილი, მშვილებელი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;

ი) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

კ) სასაზღვრო ზონა – სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არა უმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი;

ლ) თავისუფალი პროფესიის ადამიანი – გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პრაქტიკულ ან ინტელექტუალურ მომსახურებას;

მ) ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;

ნ) გადამყვანი კომპანიები – ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანითა და საქართველოდან მათი გაყვანით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

კარი II

უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, სატრანზიტო გავლა და საქართველოდან გასვლა

თავი II

 უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები

    მუხლი 3. პრინციპები

საქართველოში უცხოელთა შემოსვლა, ყოფნა, სატრანზიტო გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი ძირითადი პრინციპების საფუძველზე:

ა) უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველო;

ბ) საქართველო უფლებამოსილია სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მის მიერ საზღვრის გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენოს შესაბამისი კანონები და წესები;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ საქართველოს კანონებისა და წესების გამოყენებისას საქართველო მოქმედებს არადისკრიმინაციის პრინციპის შესაბამისად;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;

ე) უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლებამოსილია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება;

ვ) უცხოელის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით;

ზ) უცხოელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა პატივს სცემს და იცავს ოჯახის ერთიანობის პრინციპს;

თ) სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე შეიძლება უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ეჭვმიტანილია ისეთ საერთაშორისო დანაშაულებში, როგორებიცაა ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, და ინფექციური დაავადებით დაავადებულ პირს;

ი) უცხოელს, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით;

კ) საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელის გაძევება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით;

ლ) უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ.

    მუხლი 4. საქართველოში შემოსვლის საფუძვლები

1. ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში უცხოელს ენიჭება უფლება, შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელები შემოდიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ გააჩნიათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და საქართველოში ყოფნის ნებართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადაკვეთასა და საქართველოში ყოფნაზე 3 თვემდე ვადით.

4. საქართველოში ყოფნის ნებართვის სახეებია:

ა) საქართველოს ვიზა;

ბ) ბინადრობის ნებართვა.

5. საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:

ა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების;

ბ) ამერიკის შეერთებული შტატების;

გ) კანადის;

დ) იაპონიის;

ე) შვეიცარიის კონფედერაციის;

ვ) ლიხტენშტეინის;

ზ) ნორვეგიის;

თ) ისრაელის სახელმწიფოს;

ი) წმინდა საყდრის.

6. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები, საქართველოში სამუშაოდ პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.

7. საქართველოში სატრანზიტო გადაადგილებისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ:

ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;

ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 72 საათს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები.

8. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გამარტივებული რეჟიმი ან ამ კანონით დადგენილი რეჟიმისაგან განსხვავებული რეჟიმი.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

თავი III

საქართველოს ვიზის გაცემა

    მუხლი 5. ვიზის გამცემი ორგანო

1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა.

3. საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 6. საქართველოს ვიზის კატეგორიები

1. საქართველოს ვიზები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) დიპლომატიური;

ბ) სამსახურებრივი;

გ) ორდინალური;

დ) საცხოვრებელი.

2. დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური ვიზები შეიძლება გაიცეს საქართველოში ერთჯერადი, ორჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.

3. საცხოვრებელი ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოში ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.

    მუხლი 7. დიპლომატიური ვიზა

1. დიპლომატიური ვიზა გაიცემა, როგორც წესი, დიპლომატიურ პასპორტში:

ა) უცხო სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და უცხო სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე, აღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების დიპლომატიურ აგენტებსა და საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;

დ) უცხოელ დიპლომატიურ კურიერებზე;

ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატიური მისიით;

ვ) უცხოელ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე დიპლომატიურ კურიერებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;

ზ) საქართველოს საპატიო კონსულებზე;

თ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

2. თუ საქართველო არ ცნობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირის დიპლომატიურ სტატუსს ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს ორდინალური ან სამსახურებრივი ვიზა.

3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა 90 დღის ყოფნის ვადით. ამასთანავე, ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს.

4. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია დიპლომატიური ვიზა გაიცეს 1 წლამდე ყოფნის ვადით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 8. სამსახურებრივი ვიზა

1. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა, როგორც წესი, სამსახურებრივ პასპორტში:

ა) უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ მათი ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

ბ) უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მოსამსახურე პერსონალის მუშაკებზე, აგრეთვე ამ პირების ოჯახის წევრებზე;

გ) საქართველოში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;

დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;

ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მიზნით და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;

ზ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

2. თუ საქართველო არ ცნობს სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი უცხოელის ოფიციალურ სტატუსს ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიცეს ორდინალური ვიზა.

3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა 90 დღის ყოფნის ვადით. ამასთანავე, ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს.

4. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია სამსახურებრივი ვიზა გაიცეს 1 წლამდე ყოფნის ვადით.

    მუხლი 9. ორდინალური ვიზა

1. ორდინალური ვიზა გაიცემა საქართველოში 90 დღემდე მგზავრობისათვის:

ა) უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან საგანგებო სიტუაციათა ლიკვიდაციის მიზნით;

გ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სამეცნიერო სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

ე) უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოში რელიგიური მისიით ან სამუშაოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებში;

ვ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მგზავრობენ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ან საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისათვის;

ზ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და სპორტული გუნდების ან ორგანიზაციების უცხოელ წევრებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;

თ) საქართველოში ტურისტული მიზნით მომავალ უცხოელებზე;

ი) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კერძო საქმეებზე, მკურნალობის მიზნით, ახლობლებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად, აგრეთვე საქართველოში დაბადებულ ან გაზრდილ უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოს მოსანახულებლად;

კ) უცხოელებზე, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს საქართველოში;

ლ) თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;

მ) პირებზე, რომლებიც ტრანზიტით კვეთენ საქართველოს;

ნ) სხვა პირებზე, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 90 დღეს.

2. ორდინალური ვიზა გაიცემა მოქმედების განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

3. ორდინალური ვიზით დადგენილი საქართველოში ყოფნის ვადა მისი 6 თვით გაცემის შემთხვევაში არის 90 დღე, ხოლო 1 წლის ვადით გაცემის შემთხვევაში – 180 დღე. ამასთანავე, თითოეული შემოსვლისას უწყვეტი ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

4. ტრანზიტული მიზნით მომავალ პირთათვის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემოსვლაზე 72 საათს.

    მუხლი 10. საცხოვრებელი ვიზა

1. საცხოვრებელი ვიზა გაიცემა საქართველოში შემოსვლისათვის უცხოელზე, რომელსაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ნებართვის მოპოვებისას იმყოფება საზღვარგარეთ.

2. საცხოვრებელი ვიზის გაცემის საკითხის შეთანხმება ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან.

3. საცხოვრებელი ვიზა გაიცემა 1 წლის მოქმედების ვადით.

4. საცხოვრებელი ვიზით გათვალისწინებული ყოფნის ვადა არის 180 დღე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 11. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები

1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელების და მოქმედების შეწყვეტის წესით დადგენილი ფორმის განცხადება-ანკეტას.

2. განცხადება-ანკეტას უნდა ერთვოდეს საქართველოს ვიზის გაცემის წესით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შემდეგ გარემოებებს ან ეს გარემოებები ცნობილი უნდა იყოს ვიზის გამცემი ორგანოსათვის:

ა) მგზავრობის მიზანი და სავარაუდო პირობები;

ბ) მგზავრობისათვის საკმარისი სახსრების არსებობა გზავრობისათვის სასურველი ვადის განმავლობაში;

გ) პირის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა;

დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვა საქართველოში შრომით საქმიანობაზე;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში ბინადრობის ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

3. აუცილებლობის შემთხვევაში ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ვიზის მსურველი პირი მოიწვიოს გასაუბრებისათვის, რათა შემოწმდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა;

ბ) განცხადება-ანკეტასა და წარმოდგენილ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა;

გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;

დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;

ე) უკან დაბრუნების გარანტიები.

4. ამ კანონით ან/და საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელების და მოქმედების შეწყვეტის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს შეიძლება მოეთხოვოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოწვევის წარდგენა, არასრულწლოვნის მგზავრობის შემთხვევაში აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული თანხმობა.

5. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაცემისათვის, როგორც წესი, აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წერილობითი მომართვა.

6. საქართველოს ვიზის გაცემისას სამგზავრო დოკუმენტის ვადა სულ ცოტა 3 თვით უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას.

7. ორდინალური ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

8. საცხოვრებელი ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

9. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები გაცემული უნდა იქნეს, როგორც წესი, 7 დღის ვადაში.

10. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მომუშავე უცხოელი თანამშრომლებისათვის დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები, როგორც წესი, გაცემული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში.

11. საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელების და მოქმედების შეწყვეტის წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიზის გაცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ვიზის გამცემი ორგანოს წარდგინების საფუძველზე არა უმეტეს ერთი თვისა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 12. ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. უცხოელს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ საქართველოში მისი წინა ყოფნისას გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი ან განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;

ბ) თუ მან ვიზის მისაღებად ან მის გასაგრძელებლად წარადგინა არასრული, ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები;

გ) თუ მას არ გააჩნია ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;

დ) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს;

ვ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის ვადის გასვლის შემდეგ უკანონოდ დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე;

ზ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. განმეორებითი განცხადება საქართველოს ვიზის მიღებაზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს ვიზაზე უარის თქმიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 13. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა

1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.

2. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს და იძლევა ნებართვას საქართველოში შემოსასვლელად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უცხოელის ინსპექტირების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი:

ა) უცხოელს აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვას, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

    მუხლი 14. საქართველოს ტეროტორიაზე შემოსვლის ნებართვაზე უარის თქმის საფუძვლები

1. უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:

ა) მას არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები;

ბ) საქართველოში მისი წინა ყოფნისას გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი ან განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;

გ) ვიზის მისაღებად ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად მან წარადგინა ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები;

დ) მას არ გააჩნია საქართველოში ყოფნისათვის, ცხოვრებისათვის ან უკან დაბრუნებისათვის საკმარისი მატერიალური სახსრები;

ე) საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

ვ) საქართველოში მისი ყოფნა ზიანს მიაყენებს საქართველოსა და რომელიმე უცხო სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს;

ზ) იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;

თ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულია უარის თქმის სხვა საფუძველი.

2. შემოსვლაზე უცხოელს უარი ეთქმება წერილობითი ფორმით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უარის თქმის საფუძვლის მითითებით.

3. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე, ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

4. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე და რომელსაც არ შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო კონტროლის ზონა სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მიზეზების გამო, დროებით განთავსებული უნდა იქნეს სასაზღვრო კონტროლის ზონაში, მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 15. გადამყვანი კომპანიების ვალდებულება

1. გადამყვანი კომპანიები ვალდებული არიან:

ა) შეამოწმონ უცხოელის დოკუმენტები, რათა დადგენილ იქნეს, აქვს თუ არა მას ამ კანონით საქართველოში შემოსვლისათვის გათვალისწინებული მოქმედი ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები;

ბ) ჩამოსვლისთანავე წარადგინონ უცხოელები ინსპექტირებისათვის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

გ) უკან დააბრუნონ ის უცხოელები, რომლებმაც ვერ მიიღეს საქართველოში შემოსვლის ნებართვა.

2. უცხოელ მგზავრთა გადამყვანი კომპანიები ვალდებული არიან გაიღონ იმ უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების და უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნდა ამ კანონით საქართველოში შემოსვლისათვის გათვალისწინებული მოქმედი ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები.

თავი IV

 უცხოელთა ყოფნა საქართველოში

    მუხლი 16. საქართველოში ყოფნის საფუძვლები

1. საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვა ორი სახისაა: დროებითი და მუდმივი.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 17. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება

1. საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაგრძელება.

2. გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაგრძელების შესახებ იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

3. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის მგზავრობის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის მოქმედების ვადა არ არის საკმარისი.

4. გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, როგორც წესი, მიიღება 7 დღის განმავლობაში.

5. ვიზის გამგრძელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.

6. ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენისა და საკითხის არსებითად განხილვისათვის გამოიყენება ამ კანონის მეორე კარის მეორე და მესამე თავების დებულებები.

     მუხლი 18. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური.

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხები განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 19. დროებითი ბინადრობის ნებართვა

1. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 6 წლით საქართველოში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის მსურველ იმ უცხოელზე, რომელიც:

ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია.

2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების შესაბამისად, როგორითაც მისი გაცემა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 20. მუდმივი ბინადრობის ნებართვა

საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 21. სპეციალური დებულებები მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად

1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროება შემდეგი კატეგორიის უცხოელებს:

ა) პირებს, რომლებიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ (მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის დაკარგვის ფორმით) საქართველოს მოქალაქეობა, თუ ისინი მუდმივად საცხოვრებლად რჩებიან საქართველოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური დებულებების საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი მოწმობის მიღების შემდეგ მისი გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი უცხოელის მიმართ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებები განმეორებით აღარ გამოიყენება.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

მუხლი 22. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა

1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს.

3. დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.

4. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 თვეს.

5. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებების განხილვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განხილვის შედეგები.

6. გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან გაგრძელებაზე შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 23. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ იგი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა უშიშროებისათვის, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

ბ) თუ იგი არ იცავს საქართველოში ყოფნის ნებართვით მიღებულ პირობებს;

გ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;

დ) თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;

ე) თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;

ვ) თუ იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა სახის დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ზ) თუ მას არა აქვს საქართველოში ცხოვრებისათვის და ცხოვრების მიზნის განსახორციელებლად საჭირო შემოსავლის ლეგალური წყარო ან არ იმყოფება სხვის სრულ კმაყოფაზე;

თ) თუ იგი საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ვიზის მოსაპოვებლად წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე დოკუმენტებს;

ი) თუ იგი შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;

კ) კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 24. საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განმეორებით შეტანა

1. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.

2. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 25. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა

1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს:

ა) თუ გამოვლინდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი;

ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;

გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა ან გარიცხულ იქნა საქართველოს სასწავლო დაწესებულებიდან, თუ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მოპოვებული;

დ) თუ მან შეწყვიტა ის შრომითი საქმიანობა და ურთიერთობები, რომელთა საფუძველზედაც მოპოვებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა;

ე) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მოპოვებული;

ვ) თუ იგი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით შევა ფიქციურ ქორწინებაში;

ზ) საქართველოდან გაძევების შემთხვევაში;

თ) ვიზის ვადის გასვლის შემთხვევაში.

2. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო ორდინალური და საცხოვრებელი ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტაზე – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესაბამისად.

3. უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ვიზა და ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ:

ა) უცხოელზე, რომელზედაც გაიცა მოცემული ვიზა ან ნებართვა, გაიცემა საქართველოს ახალი ვიზა ან ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან ნებართვის მოქმედების ვადას;

ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა ვიზა ან ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 26. უცხოელთა რეგისტრაცია

1. უცხოელი, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. უცხოელზე, რომელმაც მოიპოვა ბინადრობის ნებართვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობას.

3. საქართველოში უცხოელთა რეგისტრაციის აუცილებელი მოვალეობისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების პერსონალის მუშაკები, მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობენ სათანადო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით;

ბ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე უცხოელები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უცხოელები.

4. უცხოელები, რომლებიც დაკავებული არიან ან სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის სახით, თავისუფლდებიან საქართველოში უცხოელთა რეგისტრაციისა და ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან თავისუფლების აღკვეთის პერიოდში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნისა და ბინადრობის მოწმობის ფორმა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

თავი V

საქართველოში უცხოელთა უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 27. უცხოელთა თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებში, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები

1. საქართველოში უცხოელებს აქვთ ისეთივე უფლებები და თავისუფლებები და აკისრიათ ისეთივე მოვალეობები, როგორებიც საქართველოს მოქალაქეებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქართველოში უცხოელები თანასწორი არიან კანონის წინაშე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, საქმიანობის სფეროსა და სხვა გარემოებათა მიუხედავად.

3. საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს.

4. საქართველოში უცხოელთა უფლება-მოვალეობების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.

    მუხლი 28. საქართველოს კანონმდებლობის დაცვის აუცილებლობა

საქართველოში უცხოელები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

    მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება

უცხოელებს საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად უფლება აქვთ მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა.

    მუხლი 30. საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის უფლება

საქართველოში უცხოელებს შეუძლიათ განახორციელონ საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მათ აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორებიც საქართველოს მოქალაქეებს, თუ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 31. შრომითი საქმიანობის უფლება

უცხოელებს შეუძლიათ განახორციელონ შრომითი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 32. დასვენების უფლება

საქართველოში უცხოელებს აქვთ დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს.

    მუხლი 33. ჯანმრთელობის დაცვის უფლება

საქართველოში უცხოელებს აქვთ ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 34. სოციალური უზრუნველყოფის უფლება

1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს აქვთ დახმარების, პენსიის და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს.

2. საქართველოში დროებით მყოფი უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალური უზრუნველყოფის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

    მუხლი 35. ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები

1. საქართველოში უცხოელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ საკუთრებაში ჰქონდეთ, მემკვიდრეობით მიიღონ ან ანდერძით დატოვონ ნებისმიერი ქონება, აგრეთვე ჰქონდეთ პირადი არაქონებრივი უფლებები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით.

    მუხლი 36. განათლების მიღების უფლება

საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აქვთ განათლების მიღების ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს.

    მუხლი 37. კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება

1. საქართველოში უცხოელებს აქვთ კულტურული ღირებულებებით სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს.

2. საქართველოში უცხოელებს გარანტირებული აქვთ მშობლიური ენით სარგებლობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაცვის უფლება, თუ ეს ზიანს არ აყენებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

3. უცხოელები ვალდებული არიან გაუფრთხილდნენ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლებს და სხვა კულტურულ ღირებულებებს.

    მუხლი 38. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება

1. საქართველოში უცხოელებს არა აქვთ უფლება გაწევრიანდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში, მიიღონ მათ საქმიანობაში მონაწილეობა ან დააფუძნონ ისინი.

2. საქართველოში უცხოელებს აქვთ ისეთივე უფლება დააფუძნონ საზოგადოებრივი გაერთიანებები, გახდნენ პროფესიული კავშირების, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საზოგადოებების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების წესდებებსა და საქართველოს კანონმდებლობას.

    მუხლი 39. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობები

1. საქართველოში უცხოელებს შეუძლიათ დაქორწინდნენ და განქორწინდნენ საქართველოს მოქალაქეებთან და სხვა პირებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოში მყოფი უცხოელები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებში სარგებლობენ ისეთივე უფლებებით და აკისრიათ ისეთივე მოვალეობანი, როგორებიც საქართველოს მოქალაქეებს.

    მუხლი 40. სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება

საქართველოში უცხოელებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აქვთ სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია უცხოელის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

    მუხლი 41. გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება

1. უცხოელებს, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან საქართველოში, აქვთ თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება.

2. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, მართლმსაჯულების განხორციელების ან საქართველოში მცხოვრებ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

    მუხლი 42. უცხოელთა დაბეგვრა

საქართველოში მცხოვრები უცხოელები იბეგრებიან ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 43. უცხოელთა პირადი უფლებების გარანტია

საქართველოში უცხოელებს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული აქვთ პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობა, ღირსებისა და რეპუტაციის პატივისცემა, კორესპონდენციის საიდუმლოების უფლება, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

    მუხლი 44. უცხოელთა უფლებების დაცვა

1. უცხოელებს უფლება აქვთ თავიანთი პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს.

2. სამართალწარმოების დროს უცხოელები სარგებლობენ ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორებითაც საქართველოს მოქალაქეები.

3. უცხოელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეობაც მას აქვს ან რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს ან რომელიც უფლებამოსილია დაიცვას მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები.

4. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან უცხოელის დაკავებიდან ან დაპატიმრებიდან არა უგვიანეს 48 საათისა ამის შესახებ შეატყობინონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 45. დამოკიდებულება არჩევნებთან და რეფერენდუმთან

უცხოელები არ მონაწილეობენ არჩევნებში და არ შეიძლება არჩეულ იქნენ თვითმმართველობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმებში.

    მუხლი 46. სამხედრო სამსახურთან დამოკიდებულება

უცხოელი მოქალაქეები ვალდებული არ არიან იმსახურონ საქართველოს სამხედრო ძალებში.

    მუხლი 47. მოწვევის უფლება

უცხოელს, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, შეუძლია საქართველოში მოიწვიოს თავისი ოჯახის წევრები და ნათესავები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 48. თავშესაფრის მიცემა

საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში უცხოელებს შეიძლება მიეცეთ თავშესაფარი.

    მუხლი 49. პრივილეგიები და იმუნიტეტი

1. ამ კანონის დებულებები არ ეხება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა უცხოელი თანამშრომლებისათვის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისა და სხვა პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს.

2. გადაწყვეტილებას პირის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

თავი VI

უცხოელთა საქართველოდან გასვლა

    მუხლი 50. საქართველოდან უცხოელთა გასვლის ზოგადი მოთხოვნები

1. საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელები გადიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და საქართველოში ყოფნის ნებართვა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი.

3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველოს ტერიტორია საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე.

4. თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.

5. უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას.

6. უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვეზე მეტ ხანს უკანონოდ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. 1 წლის განმავლობაში მასზე აღარ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელი ვალდებულია საქართველოში უკანონოდ ყოფნის ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

8. უცხოელს შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება:

ა) თუ მას შეტანილი აქვს შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა;

ბ) ავადმყოფობის, მშობიარობის შემთხვევაში, როდესაც ექიმის დასკვნით პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;

გ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის, გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია საქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;

დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას იგი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:

დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;

დ.ბ) ავადმყოფობა, როდესაც ექიმის დასკვნით ავადმყოფის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ავადმყოფთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;

დ.გ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

დ.დ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;

დ.ე) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე შეუფერხებლად გადაადგილება;

ე) თუ მიღებულია გადაწყვეტილება უცხოელის გაძევების შესახებ – გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

9. გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 51. საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმა და გასვლის გადავადება

1. უცხოელს საქართველოდან გასვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:

ა) თუ სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება;

ბ) თუ იგი მსჯავრდებულია ჩადენილი დანაშაულისათვის – სასჯელის მოხდამდე ან სასჯელისაგან გათავისუფლებამდე;

გ) თუ თავს არიდებს საქართველოს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას – მოვალეობის შესრულებამდე;

დ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უფლება აქვს დააკავოს უცხოელი და გადასცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.

კარი III

უცხოელთა პასუხისმგებლობა და გაძევება

თავი VII

ზოგადი დებულებები საქართველოდან უცხოელთა გაძევების შესახებ

    მუხლი 52. საქართველოდან უცხოელთა გაძევების სამართლებრივი საფუძველი

საქართველოდან უცხოელთა გაძევების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ეს კანონი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

თავი VIII

საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

    მუხლი 53. უცხოელთა საქართველოდან გაძევება

უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ:

ა) იგი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში;

ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი;

გ) მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

დ) მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენით;

ზ) მას ერთი ან რამდენიმე განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა – სასჯელის მოხდის შემდეგ.

    მუხლი 54. საქართველოდან უცხოელთა გაძევების საკითხის განხილვის დაწყება

1. გადაწყვეტილებას საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე ამ კანონის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო იმავე მუხლის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად – სასამართლო. საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია დასკვნა საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელსაც საქართველოდან უცხოელის გაძევების გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოში წარადგენს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. სხვა სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება ჰქონდეს მონაცემები საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის შესახებ, ვალდებულია შესაბამისი მტკიცებულებები შემდგომი განხილვისა და რეაგირებისათვის წერილობით წარუდგინოს საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განმხილველ ორგანოს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარდგენილ დასკვნას უნდა ერთვოდეს საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობისა და საფუძვლიანობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

4. საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვა დაიწყოს აგრეთვე საკუთარი ინიციატივით, თუ ცნობილი გახდა საქართველოდან უცხოელის გაძევების ამ კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა და აღნიშნულ კომპეტენტურ ორგანოს აქვს ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 55. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება

1. კომპეტენტური ორგანო 7 დღის ვადაში განიხილავს დასკვნას უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ და უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ;

ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ.

2. იუსტიციის სამინისტროს მიერ გაძევების გადაწყვეტილებაში მიეთითება უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ვადა.

3. გადაწყვეტილების მიმღები ორგანო უცხოელს, რომელიც გაძევებული უნდა იქნეს საქართველოდან, განუმარტავს მის უფლებებსა და მოვალეობებს.

4. თუ უცხოელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, მისი საქართველოდან გაძევება იძულებით უნდა აღსრულდეს.

    მუხლი 56. საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

გადაწყვეტილება საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი IX

უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება

    მუხლი 57. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

    მუხლი 58. ქვეყნები, რომლებშიც შეიძლება გაძევებულ იქნეს უცხოელი, და განსაკუთრებული გარემოებები

1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს:

ა) მისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში;

ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში;

გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანახმაა მიიღოს იგი.

2. უცხოელის გაძევება დაუშვებელია იმ სახელმწიფოში, რომელშიც:

ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;

ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, მეცნიერული და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისათვის;

გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

3. საქართველოდან არ შეიძლება გაძევებულ იქნეს:

ა) უცხოელი, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;

ბ) უცხოელი, რომელიც საქართველოშია დაბადებული და რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;

გ) უცხოელი, რომელიც არასრულწლოვანია და რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;

დ) საქართველოში მყოფი უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პირები შეიძლება გაძევებულ იქნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას და საზოგადოებრივ წესრიგს განსაკუთრებული ზიანი ადგება.

5. გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული:

ა) საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობა, საქართველოსთან პირის პირადი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის კავშირები;

ბ) უცხოელის გაძევების შემთხვევაში მისი ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ პირთათვის სავარაუდოდ დამდგარი შედეგები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 59. გაძევების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

1. გაძევებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა გაიღოს გაძევებას დაქვემდებარებულმა უცხოელმა, მისმა მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.

2. ეს ხარჯები ნაწილობრივ ან მთლიანად უნდა გაიღოს საქართველოს სახელმწიფომ, თუ ანაზღაურება შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 60. უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების კონტროლი

1. უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების თაობაზე არა უგვიანეს 3 დღისა უნდა ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

2. უცხოელთა საქართველოდან გაძევების აღრიცხვასა და გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

მუხლი 61. საქართველოდან გაძევებულ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა

საქართველოდან გაძევებულ უცხოელს 1 წლის განმავლობაში არ მიეცემა საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოსვლის ნებართვა და ბინადრობის ნებართვა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

თავი X

 უცხოელის ადმინისტრაციული დაკავება

    მუხლი 62. უცხოელის ადმინისტრაციული დაკავება

1. ამ კანონის შესაბამისად ადმინისტრაციული წესით შეიძლება დაკავებულ იქნეს იძულებით გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელი.

2. ადმინისტრაციული წესით დაკავებული უცხოელი დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს სასამართლოს ადმინისტრაციული დაკავების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების თაობაზე, უცხოელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. უცხოელის ადმინისტრაციული დაკავება შესაბამისად გრძელდება:

ა) უცხოელის პიროვნებისა და ვინაობის, მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის ან საქართველოში შემოსვლის ქვეყნის დადგენამდე;

ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსრულების დასრულებამდე.

4. უცხოელის ადმინისტრაციული დაკავების ინიციატორი სახელმწიფო დაწესებულება პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესაძლო გონივრულ ვადაში გამორკვევაზე.

თავი XI

უცხოელთა პასუხისმგებლობა

    მუხლი 63. პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის უცხოელებს დადგენილი წესით ეკისრებათ სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 64. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კარი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 65. მოსაკრებელი

1. საქართველოს ვიზების გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის უცხოელები იხდიან სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 66. მიგრაციულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკი

საქართველოში ყოფნის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების, შეწყვეტის, გაუქმების, უცხოელთა რეგისტრაციისა და გაძევების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი მონაცემების თაობაზე ინფორმაციის ოპერატიული ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი სარგებლობის მიზნით იქმნება მიგრაციულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკი.

    მუხლი 67. ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993, მუხ. 185);

ბ) „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993, მუხ. 183);

გ) „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.24);

დ) „მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07. 1998, გვ. 26);

ე) „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №8, ივნისი, 1993 წელი, მუხ. 127);

ვ) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის №111 ბრძანებულება „უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 68. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის დამტკიცება;

ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცება;

გ) უცხოელთა საქართველოში რეგისტრაციის წესის დამტკიცება;

დ) „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების წესის დამტკიცება;

ე) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

ვ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცება.

2. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

ბ) უცხოელთა ადმინისტრაციული დაკავების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირება;

გ) საქართველოდან უცხოელთა გაძევების აღსრულებისათვის სათანადო საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფის საკითხების გადაწყვეტა.

3. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ამ კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მომზადება და პარლამენტისათვის წარდგენა:

ა) საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ბ) საქართველოს კანონის პროექტი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

გ) საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

4. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს მიგრაციულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

    მუხლი 69. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3148 - სსმ I, №16, 29.05.06.2006წ., მუხ. 114

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2535-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2791 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.64

2. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3148 - სსმ I, №16, 29.05.06.2006წ., მუხ. 114

32. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2045-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1153-Iს - ვებგვერდი, 01/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 29. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 28. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5567 - ვებგვერდი, 111228063, 28/12/2011 27. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 26. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5358-IIს - ვებგვერდი, 111208024, 08/12/2011 25. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5302-IIს - ვებგვერდი, 111208014, 08/12/2011 24. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4944-რს - ვებგვერდი, 110706015, 06/07/2011 23. 20/05/2011 - საქართველოს კანონი - 4702-Iს - ვებგვერდი, 110601021, 01/06/2011 22. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4054-რს - სსმ, 76, 29/12/2010 21. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3810 - სსმ, 65, 26/11/2010 20. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 19. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3359 - სსმ, 41, 21/07/2010 18. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2886 - სსმ, 21, 22/04/2010 17. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2319 - სსმ, 46, 22/12/2009 16. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1562 - სსმ, 24, 13/08/2009 15. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1394 - სსმ, 21, 03/08/2009 14. 24/03/2009 - საქართველოს კანონი - 1090 - სსმ, 7, 06/04/2009 13. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 803 - სსმ, 40, 29/12/2008 12. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 619 - სსმ, 35, 05/12/2008 11. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5115 - სსმ, 27, 17/07/2007 10. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4411 - სსმ, 8, 23/03/2007 9. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4410 - სსმ, 8, 23/03/2007 8. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4288 - სსმ, 51, 31/12/2006 7. 08/12/2006 - საქართველოს კანონი - 3878 - სსმ, 48, 22/12/2006 6. 07/12/2006 - საქართველოს კანონი - 3837 - სსმ, 48, 22/12/2006 5. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3432 - სსმ, 27, 17/07/2006 4. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3385 - სსმ, 24, 29/06/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3154 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3148 - სსმ, 16, 29/05/2006 1. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2791 - სსმ, 9, 31/03/2006