სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ

  • Word
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 08/11/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.000.435
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1644
15/10/1998
სსმ, 3, 08/11/1998
040.200.010.05.001.000.435
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/11/1998 - 24/06/2004)

საქართველოს კანონი

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ

თავი I

  ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესს;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შეცვლის, აღდგენისა და გაუქმების, აგრეთვე სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის წესს;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემასა და სამართლებრივ სტატუსს.

    მუხლი 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობა

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობა შედგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის და მათ შესაბამისად მიღებული საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები იღებენ ნორმატიულ აქტებს.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამოქალაქო აქტები _ მოქალაქეთა სამოქალაქო და საოჯახო-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, მოქალაქეობის შეცვლა, გარდაცვალება), რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფოს სახელით სავალდებულო რეგისტრაციას და წარმოადგენს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს;

ბ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია _ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ქონებრივი, აგრეთვე პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით იურიდიული ფაქტების დაფიქსირება და აღრიცხვა;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვთ განსაზღვრული უფლებამოსილება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში;

დ) ლეგალიზაცია _ სათანადო უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურის მიერ საბუთის ხელმოწერის ნამდვილობისა და საბუთის ხელმოწერის მომენტისათვის ამ საჯარო მოსამსახურის მიერ შესაბამისი თანამდებობის კანონიერად დაკავების ნამდვილობის სახელმწიფოებრივი დადასტურება.

    მუხლი 4. სამოქალაქო აქტების ნამდვილობა

1. საქართველოში ნამდვილად ჩაითვლება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტები.

2. ნამდვილ სამოქალაქო აქტებთან გათანაბრებულია შესაბამისი რელიგიური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც ჩატარებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოების შექმნამდე ან აღდგენამდე, მათი აღსრულების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

    მუხლი 5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ლეგალიზაცია

1. საქართველოში გამოსაგზავნად უცხო სახელმწიფოში გაცემული ან უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული საბუთები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე საჭიროებს ლეგალიზაციას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთები საქართველოში ნამდვილად იქნება ცნობილი საკონსულო ლეგალიზაციის არსებობისას. აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

3. საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული საბუთები, რომლებიც წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას, საჭიროებს ლეგალიზაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

4. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტები ამ კანონით გათვალისწინებულ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ორგანოებში რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

    მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟი და საკონსულო მოსაკრებელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის გადაიხდება შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი ან საკონსულო მოსაკრებელი, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კანონით.

თავი II. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი

    მუხლი 7. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემა

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება და სპეციალიზებული განყოფილება;

ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება;

გ) სოფლის, დაბის, თემის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა.

    მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების (სპეციალიზებული განყოფილებების) მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;

ბ) ზედამხედველობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობის შესრულებაზე;

გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნის მართლზომიერების დადასტურება;

დ) შესაბამისი ორგანოების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე მოწმობებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბლანკებით, აგრეთვე საქმისწარმოების წესით გათვალისწინებული სხვა ბლანკებით უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა; საქართველოში გაცემული და უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთების გაფორმება (ლეგალიზაცია);

ვ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საერთო სტატისტიკის წარმოება;

ზ) ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

3. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესები, ინსტრუქციები და დებულებები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხების თაობაზე შესასრულებლად სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებისათვის, აგრეთვე შესაბამისი იურიდიული პირებისა და მოქალაქეებისათვის.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი იუსტიციის სამინისტრო.

    მუხლი 9. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება და სპეციალიზებული განყოფილება

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებები იქმნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესაბამისად (რაიონებსა და ქალაქებში).

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში _ შესაბამისი იუსტიციის მინისტრის ნებართვით ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში (რაიონში, ქალაქში) შეიძლება შეიქმნას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის რამდენიმე განყოფილება ან რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (რაიონში, ქალაქში, თემში, დაბაში, სოფელში) _ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ერთი განყოფილება.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების სამოქმედო ტერიტორია ემთხვევა შესაბამის ადმინისტრაციულ საზღვრებს. ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის რამდენიმე განყოფილების შექმნის შემთხვევაში მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების შექმნისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში _ შესაბამისი იუსტიციის მინისტრი.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების შექმნისა და მისი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის თაობაზე ცნობების ოფიციალურ გამოქვეყნებას.

6. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;

გ) განყოფილების საარქივო ფონდის შექმნა, მისი აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;

დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

ე) შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს (სოფლის, დაბის, თემის გამგეობის) მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;

ვ) შესაბამისი ბლანკების შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

ზ) გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშების წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში_ აგრეთვე შესაბამის იუსტიციის სამინისტროში;

თ) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

7. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, კოდით და თავისი სრული სახელწოდებით. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია შეიტანოს ბეჭდის ფორმაში აგრეთვე სხვა რეკვიზიტები.

8. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება იყენებს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებს.

9. დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნით ამ მუხლის პირველი _ მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული განყოფილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი სამოქალაქო აქტებისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობების დაცვას.

    მუხლი 10. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგე და სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგეს და სხვა საჯარო მოსამსახურეებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე 27 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგე პასუხისმგებელია მთელი განყოფილების საქმიანობაზე.

4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგის თანამდებობრივ მოვალეობებს დროებით ასრულებს განყოფილების დებულებით განსაზღვრული განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურე, თუ:

ა) გამგე არ იმყოფება სამსახურში;

ბ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია შეეხება გამგეს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს.

    მუხლი 11. საქართველოს საკონსულო დაწესებულება, როგორც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო

1. უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას აწარმოებს საქართველოს შესაბამისი საკონსულო დაწესებულება.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და საბუთების დროულად წარდგენა;

ე) შესაბამისი ბლანკების შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

ვ) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

    მუხლი 12. სოფლის, დაბის, თემის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა, როგორც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო

სოფელში, დაბაში, თემში მცხოვრები მოქალაქეების ზოგიერთი სამოქალაქო აქტის (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, გარდაცვალების) რეგისტრაციას აწარმოებს სოფლის, დაბის, თემის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო_ გამგეობა (გამგეობის მიერ უფლებამოსილი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე), ხოლო იმ სოფელში, სადაც არ არის გამგეობა_სოფლის გამგებელი.

    მუხლი 13. საჯარო მოსამსახურეთა უფლება_მოვალეობანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს ან რეგისტრაციაზე უფლებამოსილ სხვა საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს მოქალაქეებისაგან, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან ცნობები და საბუთები, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის, ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების ან ცვლილების შეტანისათვის. აღნიშნული ცნობები და საბუთები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება დადგენილ ვადაში.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია განუმარტოს მოქალაქეებს მათი უფლება-მოვალეობანი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას, აგრეთვე გააფრთხილოს ისინი რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეამოწმოს წარმოდგენილი ცნობები და საბუთები, თუ მათი ნამდვილობა საფუძვლიან ეჭვს იწვევს.

    მუხლი 14. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული ცნობების გახმაურების აკრძალვა

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული ცნობები კონფიდენციალურია და მათი გახმაურება აკრძალულია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 15. დაბადებისა და ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის უზრუნველყოფა

დაბადებისა და ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი დაწესებულებები გამოუყოფენ სათანადო შენობებს.

თავი III. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ძირითადი პირობები

    მუხლი 16. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი

1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესასრულებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს საბუთები, რომლებიც სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველია, აგრეთვე განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ორ ცალად. ჩანაწერის ორივე ცალს ერთი და იგივე რიგითი ნომერი აქვს. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ცალი ერთდროულად ივსება. ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი ინახება რეგისტრაციის შემსრულებელ ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეგზავნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის რესპუბლიკურ არქივს.

3. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ტექსტში შემოკლებისა და გადახაზვის გარეშე. შესრულებულ ჩანაწერში ხელმოწერამდე შემჩნეული შეცდომები შესწორდება ხელმოწერის წინ, მათი აღნიშვნის გზით.

4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ცალი წაკითხული და ხელმოწერილი უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ.

5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

6. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის სისწორესა და ხარისხზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმომწერ საჯარო მოსამსახურეს.

    მუხლი 17. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დასადასტურებლად გაიცემა შესაბამისი მოწმობა.

2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას ხელს აწერს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. მოწმობას დაესმება ბეჭედი.

    მუხლი 18. საქმისწარმოების ენა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში საქმისწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში_ აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

    მუხლი 19. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკები

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. აფხაზეთისა და აჭარის იუსტიციის სამინისტროები აღნიშნული ბლანკებით მარაგდებიან მოთხოვნილების შესაბამისად.

2. ბლანკს აქვს სერია და ნომერი, ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის საბუთს.

3. ბლანკების ნიმუშებს ამ კანონის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 20. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმა

1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონს;

ბ) არ არის წარმოდგენილი საბუთები, რომლებიც რეგისტრაციის საფუძველია.

2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია განმცხადებლის თხოვნით გადასცეს მას წერილობით ჩამოყალიბებული უარის მიზეზები.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაბამისი საჯარო მოსამსახურის უარი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციაზე, რეგისტრაციის ჩანაწერის შესწორებაზე, შეცვლაზე ან შევსებაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.

    მუხლი 21. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის გასაჩივრება

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.

თავი IV. დაბადების რეგისტრაცია

    მუხლი 22. დაბადების რეგისტრაციის საფუძველი

დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე და შესაბამისი განცხადება.

    მუხლი 23. დაბადების რეგისტრაციის ადგილი

1. დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის დაბადების ადგილის მიხედვით, ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ბავშვის დაბადების ადგილად მიიჩნევა ის ადმინისტრაციული ტერიტორია, სადაც დაიბადა ბავშვი.

3. თუ ბავშვი მგზავრობისას დაიბადა, მისი დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. დაბადების აქტის ჩანაწერში და დაბადების მოწმობაში მიეთითება ბავშვის დაბადების ადგილი. მშობლების სურვილისამებრ დაბადების ადგილად შეიძლება მითითებულ იქნეს დაბადების რეგისტრაციის ადგილი.

    მუხლი 24. დაბადების განცხადების ვალდებულება

1. ბავშვის დაბადების განცხადების ვალდებულება ეკისრებათ:

ა) მშობელს (მშობლებს);

ბ) პირს, რომლისთვისაც მშობლებს წერილობით მინდობილი აქვთ ბავშვის დაბადების განცხადება;

გ) სახელმწიფო ან კერძო სამშობიაროს, სხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს _ თუ ბავშვი ამ სამედიცინო დაწესებულებაში დაიბადა ან იმყოფება;

დ) მშობიარობის დამსწრე პირს _ თუ ბავშვი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაიბადა და მშობლებს არ შეუძლიათ ბავშვის დაბადების განცხადება;

ე) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს _ თუ ბავშვი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაიბადა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს _ თუ ამ პუნქტის "ა", "ბ", "გ", "დ" და "ე" ქვეპუნქტებში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს დაბადების თაობაზე და ეს ცნობილი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსათვის.

2. ბავშვის დაბადების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა საბუთები.

    მუხლი 25. დაბადების აქტის ჩაწერის ფორმა

1. დაბადების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, ცოცხლად შობილია თუ მკვდრად შობილი, რიგით მერამდენე ეყოლა დედას;

ბ) ბავშვის პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

გ) ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

დ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი, განათლება, მოქალაქეობა _ „საქართველოს მოქალაქეობის შესახე“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) ბავშვის მამის შესახებ მონაცემების მითითების საფუძველი;

ვ) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, მის მიერ განცხადების მიზეზი;

ზ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

2. დაბადების აქტის ჩანაწერში დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთის ადგილას ბავშვის დაბადების ან მისი მშობლების ყოფნის მითითება.

    მუხლი 26. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელისა და გვარის ჩაწერა

1. ბავშვის სახელი ჩაიწერება მშობლების ურთიერთშეთანხმებით.

2. ბავშვის გვარი ჩაიწერება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, ბავშვის გვარი ჩაიწერება მამის ან დედის გვარის მიხედვით, ან მიეთითება შეერთებული გვარი მშობლების ურთიერთშეთანხმებით.

3. მშობლებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის სახელი და გვარი (მშობლების განსხვავებული გვარებისას) ჩაიწერება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 27. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის მშობლების ჩაწერა

1. დაქორწინებული მამა და დედა ერთ-ერთი მათგანის განცხადებით ჩაიწერებიან ბავშვის მშობლებად.

2. ბავშვის დედის შესახებ ჩანაწერი სრულდება დაბადების თაობაზე ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთის საფუძველზე. ბავშვის მამის შესახებ ჩანაწერი სრულდება ქორწინების მოწმობის საფუძველზე.

3. მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისაგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 10 თვისა.

4. ბავშვის წარმოშობა დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.

5. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით, ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

6. თუ ბავშვის მშობლები დაქორწინებულნი არ არიან ერთმანეთთან, დედის შესახებ ჩანაწერი სრულდება დედის განცხადებით, ხოლო მამის შესახებ ჩანაწერი _ მშობლების ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუ დედა გარდაიცვალა, ცნობილია ქმედუუნაროდ, ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან შეუძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ბავშვის მამის ჩაწერა ხდება მამის განცხადებით.

7. როცა ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას, თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, ხოლო ბავშვის მამის სახელი ჩაიწერება დედის მითითებით.

    მუხლი 28. ბავშვის პირადი ნომერი

1. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვს პირად ნომერს ანიჭებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო.

2. პირადი ნომერი შედგება 11-ნიშნა რიცხვისაგან, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ადგილის (ადმინისტრაციული ერთეულის) კოდს, მომდევნო სამი ციფრი აღნიშნავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოს კოდს, რომელმაც ბავშვის დაბადების აქტი რეგისტრაციაში გაატარა, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი წარმოადგენს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერის რიგით ნომერს 000001-დან 999999-მდე.

3. პირადი ნომრის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. ამ კანონის შესაბამისად მინიჭებულ პირად ნომრებთან გათანაბრებულია "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს მოქალაქეებისათვის მინიჭებული პირადი ნომრები.

    მუხლი 29. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების გარეთ დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ამ დაწესებულების მიერ გაცემული ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

    მუხლი 30. ტყუპების და რამდენიმე ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ტყუპების ან რამდენიმე ბავშვის დაბადების შემთხვევაში ყოველი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ცალ-ცალკე ხდება. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული უნდა იქნეს ბავშვების დაბადების თანამიმდევრობა.

    მუხლი 31. ნაპოვნი ახალშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

1. ახალშობილი ბავშვის მპოვნელი პირი ვალდებულია ამის შესახებ არა უგვიანეს შემდეგი დღისა განაცხადოს პოლიციის ტერიტორიულ ორგანოში. პოლიცია ჩაატარებს აუცილებელ მოკვლევას და მისი შედეგების შესახებ განუცხადებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის შესაბამისი ორგანო სამედიცინო დაწესებულებისა და პოლიციის მიერ წარმოდგენილი ცნობების მიხედვით ადგენს ბავშვის დაბადების სავარაუდო დროსა და ადგილს, აძლევს მას სახელსა და გვარს და ამის თაობაზე განაცხადებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში. დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული უნდა იქნეს "ბავშვი ნაპოვნია, მშობლები უცნობია".

    მუხლი 32. მკვდრადშობილი და სიცოცხლის პირველ კვირას გარდაცვლილი ბავშვების დაბადების რეგისტრაცია

1. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მკვდრადშობილი ან სიცოცხლის პირველ კვირას გარდაცვლილი ბავშვის შესახებ 3 დღის ვადაში განაცხადოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

2. მკვდრადშობილი ბავშვის რეგისტრაცია ხდება დაბადების აქტის ჩანაწერში მისთვის მხოლოდ პირადი ნომრის მინიჭებით, შესაბამისად აღნიშვნით "ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა" ან "ბავშვი გარდაიცვალა მშობიარობის დროს". გარდაცვალების რეგისტრაცია ასეთ შემთხვევაში არ ხდება.

3. თუ ბავშვმა დაბადების შემდეგ ცოტა ხანს (არანაკლებ 3 წუთისა) მაინც იცოცხლა, ხდება მისი როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების რეგისტრაცია.

    მუხლი 33. დაბადების რეგისტრაცია ბავშვის მიერ ერთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ

1. დაბადების შესახებ სამედიცინო საბუთის არსებობისას ბავშვის მიერ ერთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ დაბადების რეგისტრაციას ასრულებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო დაბადების შესახებ აღდგენილი ჩანაწერების წიგნში, მშობლების, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

2. რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ცნობა იმ პირის დაკვირვების ადგილის მიხედვით, რომლის დაბადებაც არ იყო რეგისტრირებული.

3. დაბადების შესახებ სამედიცინო საბუთის არარსებობისას დაბადების რეგისტრაცია სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანაწერების აღდგენის წესით.

    მუხლი 34. ემბრიონის იმპლანტაციის შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია

ემბრიონის იმპლანტაციის შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) ემბრიონის იმპლანტაციის ფაქტის დამადასტურებელი სამედიცინო საბუთი, რომელიც გაცემულია ემბრიონის ჩასახვისთანავე;

ბ) ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის დადებული ხელშეკრულების დედანი, დამოწმებული სანოტარო წესით.

    მუხლი 35. დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები

დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ნუსხას ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის, ამ კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

    მუხლი 36. დაბადების მოწმობის ფორმა

დაბადების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი, სქესი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილი;

გ) დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

ე) მოწმობის გაცემის თარიღი.

თავი V. ქორწინების რეგისტრაცია

    მუხლი 37. ქორწინების რეგისტრაციის საფუძველი

ქორწინების რეგისტრაციის საფუძველია დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება.

    მუხლი 38. ქორწინების რეგისტრაციის ადგილი

ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.

    მუხლი 39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება ქორწინების რეგისტრაციისას

1. ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107-ე და 1108-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების დაცვა.

2. დაუშვებელია ქორწინების რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლით დადგენილი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას.

    მუხლი 40. განცხადება ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე

1. დაქორწინების მსურველი პირები პირადად წარმოადგენენ განცხადებას. თუ განცხადების წარმოდგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის გამოცხადება შეუძლებელია, მისი ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

2. სამხედრო მოსამსახურეთა ხელმოწერა განცხადებაზე შეიძლება დამოწმებული იქნეს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ.

3. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფ პირთა ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმდება ამ დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ.

4. სახელმწიფო ან კერძო თავშესაფარში მყოფ სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეთა ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმდება ამ დაწესებულების ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ.

5. იმ პირთა ხელმოწერა განცხადებაზე, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან ან სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, დამოწმდება თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი დაწესებულების უფროსის მიერ.

6. განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს თავისი ოჯახური მდგომარეობა.

    მუხლი 41. ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები

ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დასაქორწინებელ პირთა პირადობის ან მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

ბ) წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე დაქორწინებული პირისათვის);

გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

    მუხლი 42. განმარტებანი დაქორწინების მსურველთათვის

ქორწინების თაობაზე განმცხადებლები ვალდებულნი არიან გაეცნონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საჯარო მოსამსახურის მიერ მიცემულ დოკუმენტს, რომელშიც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები და მათი უგულებელყოფის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული პირები ხელმოწერით ადასტურებენ ასეთი გარემოებების არარსებობას და პირად პასუხისმგებლობას კისრულობენ კანონის წინაშე.

    მუხლი 43. დაქორწინების გაფორმება

ქორწინების რეგისტრაცია ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ. განცხადება ძალაშია ერთთვიანი ვადის გასვლიდან 2 თვის განმავლობაში. ცალკეულ შემთხვევებში, ისეთი განსაკუთრებული მიზეზების არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა, დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი განცხადებით ერთთვიანი ვადა შეიძლება შემცირდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 44. ქორწინების რეგისტრაციის წესი და პირობები

1. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა და ორი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია მინდობილობით ან წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია. ქორწინების დროს მოწმეების დასწრება სავალდებულოა. მოწმეებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობები.

2. დასაქორწინებელ პირთა თანხმობით ქორწინების რეგისტრაცია ჩატარდება საზეიმო ვითარებაში.

3. თუ დაქორწინების მსურველი ერთ-ერთი ან ორივე პირი რაიმე საგულისხმო მიზეზის გამო ვერ ცხადდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, შესაძლებელია ქორწინების რეგისტრაცია სახლში, სამედიცინო ან სხვა მსგავს დაწესებულებაში.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილ შენობაში.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კანონით განსაზღვრული დაქორწინების პირობების დაცვით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით.

6. ქორწინების რეგისტრაციისას უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარადგენს დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია იმ ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ან საკონსულოს მიერ, რომლის მოქალაქეებადაც ისინი ითვლებიან (ითვლებოდნენ). აღნიშნული დოკუმენტების ლეგალიზაცია სავალდებულოა.

    მუხლი 45. ქორწინების აქტის ჩაწერის ფორმა

ქორწინების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დასაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა (დაქორწინებული არ ყოფილა, ქვრივია, განქორწინებულია);

ბ) საერთო შვილების სახელი, დაბადების წელი;

გ) დაქორწინების თარიღი და ადგილი;

დ) დასაქორწინებელ პირთა ქორწინების რაოდენობა _ თუ ადრე იყვნენ დაქორწინებულნი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

    მუხლი 46. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა გვარის ჩაწერა

1. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს ჩაეწერებათ მათ მიერ საერთო გვარად შერჩეული ერთ-ერთი მათგანის გვარი ან ყოველ მათგანს ჩაეწერება თავისი ქორწინებამდელი გვარი.

2. ერთ-ერთი მეუღლის სურვილისამებრ შესაძლებელია საკუთარი გვარისა და მეორე მეუღლის გვარის შეერთებით გვარის შექმნა.

3. გვარების შეერთება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდელი გვარი ორმაგია.

    მუხლი 47. ქორწინების მოწმობის ფორმა

ქორწინების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დასაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) ქორწინების თარიღი;

გ) ქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) ქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

ე) მოწმობის გაცემის თარიღი.

თავი VI. განქორწინების რეგისტრაცია

    მუხლი 48. განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი

განქორწინების რეგისტრაციის საფუძველია:

ა) იმ მეუღლეთა ერთობლივი განცხადება განქორწინების თაობაზე, რომელთაც არა ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები;

ბ) ერთ-ერთი მეუღლის განცხადება განქორწინების თაობაზე;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

    მუხლი 49. განქორწინების რეგისტრაციის ადგილი

განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 50. ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთაც არა ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები

1. ერთობლივი განცხადებით იმ მეუღლეთა განქორწინების რეგისტრაცია, რომელთაც არა ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, წარმოებს მეუღლეთა მიერ განქორწინების თაობაზე ერთობლივი განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის გასვლისთანავე.

2. თუ ერთ-ერთ მეუღლეს არ შეუძლია განქორწინების თაობაზე განცხადების წარსადგენად ან განქორწინების სარეგისტრაციოდ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში გამოცხადება, იგი ვალდებულია ამის შესახებ მიუთითოს განცხადებაში. მისი ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

    მუხლი 51. განქორწინების რეგისტრაცია ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით

1. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს, თუ მეორე მეუღლე:

ა) დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

ბ) დადგენილი წესით ცნობილია ქმედუუნაროდ;

გ) დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

2. განქორწინების თაობაზე განცხადების წარმდგენმა მეუღლემ განცხადებას უნდა დაურთოს მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი (ამონაწერი) ან მეორე მეუღლისათვის არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ასლი (ამონაწერი).

3. განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს მეუღლის მიერ განქორწინების თაობაზე განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის გასვლისთანავე.

4. განცხადების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მსჯავრდადებულ მეუღლესთან განქორწინებას ახდენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1139-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

    მუხლი 52. განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენისთანავე. სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო ბაჟის შესახე“.

    მუხლი 53. განქორწინების აქტის ჩაწერის ფორმა

განქორწინების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) განსაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, განათლება, რიგით მერამდენე ქორწინებაა, საერთო არასრულწლოვანი შვილების რაოდენობა;

ბ) ქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

გ) განქორწინების რეგისტრაციის საფუძველი;

დ) განქორწინების რეგისტრაციის თარიღი და ადგილი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

    მუხლი 54. განქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა მიერ გვარის შენარჩუნება ან შეცვლა

მეუღლეს, რომელმაც ქორწინებისას შეიცვალა თავისი გვარი, უფლება აქვს განქორწინების შემდეგაც ატაროს იგივე გვარი ან, მისი მოთხოვნით, განქორწინების რეგისტრაციისას დაუბრუნდება ქორწინებამდელი გვარი.

    მუხლი 55. ქორწინების შეწყვეტის დრო

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მოშლილი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

2. სასამართლოში მოშლილი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 56. განქორწინების მოწმობის ფორმა

განქორწინების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) განსაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

ბ) განქორწინების თარიღი;

გ) განქორწინების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) განქორწინების რეგისტრაციის ადგილი;

ე) იმ პირის სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რომელზედაც გაიცემა მოწმობა;

ვ) მოწმობის გაცემის თარიღი.

თავი VII. შვილად აყვანის რეგისტრაცია

    მუხლი 57. შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი

შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

    მუხლი 58. შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილი

შვილად აყვანის რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 59. შვილად აყვანის აქტის ჩაწერის ფორმა

შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

გ) შვილად აყვანილის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

დ) მშვილებლების სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი, ეწერებიან თუ არა მშვილებლები ბავშვის მშობლებად, მოქალაქეობა;

ე) შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი;

ვ) შვილად აყვანის რეგისტრაციის თარიღი და ადგილი;

ზ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

    მუხლი 60. დაბადების აქტის ჩანაწერის შეცვლა შვილად აყვანასთან დაკავშირებით

1. შვილად აყვანის აქტის ჩანაწერის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში.

2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების ადგილის შეცვლის შემთხვევაში ან მშვილებლების სურვილისამებრ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ბავშვის დაბადების აქტის პირველად ჩანაწერში. დაბადების ახალი ადგილის მიხედვით აღდგენილი ჩანაწერების წიგნში შედგება რეგისტრაციის ჩანაწერი დაბადების თაობაზე, რაზედაც ბავშვის დაბადების აქტის პირველად ჩანაწერში შესრულდება აღნიშვნა.

3. შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილად აყვანილის დაბადების თარიღის შეცვლისას, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისად იცვლება დაბადების რეგისტრაციის თარიღიც.

4. შვილად აყვანასთან დაკავშირებით დაბადების აქტის შეცვლილი ან ახალშედგენილი ჩანაწერის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების აქტის ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით გასცემს დაბადების ახალ მოწმობას.

    მუხლი 61. შვილად აყვანილის დაბადების აქტის ჩანაწერში ორივე ან ერთ-ერთი მშობლის შესახებ მონაცემების შენარჩუნება

თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია მშობლებთან (მშობელთან) შვილად აყვანილის სამართლებრივი ურთიერთობების შენარჩუნებაზე, მაშინ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლების (მშობლის) შესახებ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება.

    მუხლი 62. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შეცვლა შვილად აყვანის გაუქმებასთან დაკავშირებით

შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შეასრულებს სათანადო აღნიშვნას შვილად აყვანის აქტის ჩანაწერში. შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შეიტანება ცვლილებები ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში.

    მუხლი 63. შვილად აყვანის მოწმობის ფორმა

შვილად აყვანის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) შვილად აყვანილის სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

ბ) მშვილებლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა;

გ) შვილად აყვანის აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილი;

ე) მოწმობის გაცემის თარიღი.

    მუხლი 64. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა

შვილად აყვანის საიდუმლოება დაცულია კანონით.

თავი VIII. მამობის დადგენის რეგისტრაცია

    მუხლი 65. მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველი

თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის მშობლები დაუქორწინებელნი არიან, მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველია:

ა) ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადება;

ბ) ბავშვის მამის განცხადება _ დედის გარდაცვალების, ქმედუუნაროდ ცნობის, ადგილსამყოფელის დადგენის შეუძლებლობის, აგრეთვე დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილება.

    მუხლი 66. მამობის დადგენის რეგისტრაციის ადგილი

მამობის დადგენის რეგისტრაცია წარმოებს ორივე ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ან მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 67. მამობის დადგენის რეგისტრაცია ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადებით

1. მამობის დადგენის თაობაზე ერთობლივ განცხადებას მშობლები პირადად წარადგენენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში. ერთ-ერთი მშობლის მიერ განცხადების პირადად წარდგენისა და მამობის დადგენის რეგისტრაციისას გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

2. მამობის დადგენის თაობაზე მშობლების ერთობლივი განცხადება ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვთან დაკავშირებით შესაძლებელია წარდგენილი იქნეს დედის ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში მამობის დადგენის რეგისტრაცია არ საჭიროებს მშობლების მიერ ახალი განცხადების წარდგენას, თუ ადრე წარდგენილი განცხადება უკან არ გამოითხოვა ორივე ან ერთ-ერთმა მშობელმა.

    მუხლი 68. მამობის დადგენის რეგისტრაცია ბავშვის მამის განცხადებით

ბავშვის მამის განცხადებით მამობის დადგენის რეგისტრაციისას განცხადებას შესაბამისად დაერთვება ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობა, დედის ქმედუუნაროდ ცნობის, დედისათვის მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი ან დედის ადგილსამყოფელის დადგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 69. მამობის დადგენის რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციისას ბავშვის მამის შესახებ მონაცემები აღინიშნება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად.

    მუხლი 70. მამობის დადგენის აქტის ჩაწერის ფორმა

მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) ბავშვის სახელი, გვარი მამობის დადგენამდე, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, დაბადების რეგისტრაციის ადგილი;

გ) ბავშვის სახელი, გვარი მამობის დადგენის შემდეგ;

დ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, მოქალაქეობა;

ე) მამობის დადგენის რეგისტრაციის საფუძველი;

ვ) მამობის დადგენის რეგისტრაციის თარიღი და გვარის შეცვლის მიზეზი ;

ზ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

    მუხლი 71. მამობის დადგენის რეგისტრაცია განსაკუთრებულ შემთხვევებში

1. დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის შესახებ მონაცემების არსებობისას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მამის შესახებ ჩანაწერი შესრულებულია ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით) მამობის დადგენის რეგისტრაციაზე უარი უნდა ითქვას.

2. მამობის დადგენის თაობაზე განცხადებები არ მიიღება ქმედუუნაროდ ცნობილი პირებისაგან, აგრეთვე მათი მეურვეებისაგან.

3. იმ პირისადმი, რომელმაც განცხადების წარდგენის დღისათვის მიაღწია სრულწლოვანების ასაკს, მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი ცნობილია ქმედუუნაროდ _ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 72. მამობის დადგენის მოწმობის ფორმა

მამობის დადგენის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) იმ პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რომელმაც აღიარა მამობა;

ბ) ბავშვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

გ) ბავშვის დედის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

დ) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

ე) მამობის დადგენის რეგისტრაციის ადგილი;

ვ) მოწმობის გაცემის თარიღი.

თავი IX. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია

    მუხლი 73. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის უფლების მომცემი ასაკის მიღწევა

1. საქართველოს მოქალაქეთა მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა დასაშვებია მათ მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის მისაღებად დადგენილი ასაკის მიღწევის შემდეგ.

2. არასრულწლოვან მოქალაქეთა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შესაძლებელია მათი მშობლების ან იმ მშობლის თანხმობით, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, აგრეთვე მშობლების მონაცვლე პირთა თანხმობით.

    მუხლი 74. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზები

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის არსებობისას:

ა) სახელი, მამის სახელი, გვარი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია;

ბ) განმცხადებელს სურს მიიღოს ან თავის გვარს შეუერთოს მეუღლის გვარი _ თუ ეს არ განხორციელდა ქორწინების რეგისტრაციისას;

გ) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;

დ) განმცხადებელს სურს დაიბრუნოს თავისი ქორწინებამდელი გვარი _ თუ ეს არ განხორციელდა განქორწინების რეგისტრაციისას;

ე) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი.

    მუხლი 75. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე.

    მუხლი 76. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე

1. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე წარედგინება განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზი.

2. ქმედუუნარო მოქალაქეთა ნაცვლად მათი სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებას წარადგენს შესაბამისი მეურვე.

    მუხლი 77. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებას თან ერთვის:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი _ თუ განმცხადებელი სრულწლოვანია;

ბ) განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი);

გ) განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი) _ თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;

დ) განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (მოწმობების ასლები) _ თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;

ე) მშობლის (მშობლების), მშობლების მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე _ თუ განმცხადებელი არასრულწლოვანია;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს ნებართვა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე;

ზ) 74-ე მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები.

    მუხლი 78. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა

1. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამოწმებს განცხადებას და თანდართულ საბუთებს და ადგენს დასკვნას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დასკვნა, განცხადება და თანდართული საბუთები გადაეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საბუთებს, რის საფუძველზედაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ერთი კვირის ვადაში ეცნობება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების მიმღებ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და განმცხადებელს.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნებართვა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე გადაეგზავნება შესაბამისი განცხადების მიმღებ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. იუსტიციის სამინისტროს ნებართვა წარმოადგენს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის კანონიერების დამადასტურებელ საბუთს.

5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადება და სხვა შესაბამისი საბუთები განიხილება 2 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში _ 1 თვის ვადაში.

    მუხლი 79. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია წარმოებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის შედგენის ადგილის მიხედვით.

    მუხლი 80. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩაწერის ფორმა

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი;

ბ) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლის შემდეგ, მოქალაქეობა;

გ) განმცხადებლის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი;

დ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

    მუხლი 81. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა

1. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელის, მამის სახელის, გვარის შემცვლელის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა;

ბ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი;

დ) მოწმობის გაცემის თარიღი.

2. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა ადასტურებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლამდე გაცემული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმცხადებლისადმი კუთვნილებას.

3. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა პირადობის დამადასტურებელი საბუთის გამოცვლის საფუძველია.

    მუხლი 82. შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემების შეცვლა

1. მშობლების სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში, მათი სურვილის შესაბამისად, მათი არასრულწლოვანი შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მონაცემები მათ შესახებ შეიცვლება.

2. სრულწლოვანი შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემები შეიცვლება სრულწლოვანი შვილების სურვილის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებისა და შეცვლისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 83. შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა მშობლების მიერ მამის სახელისა და გვარის შეცვლისას

1. მამის მიერ სახელის და მშობლების მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების მამის სახელი და გვარი შეიცვლება მათი დაბადების აქტების ჩანაწერებში. პირადობის დამადასტურებელი საბუთის მისაღებად დადგენილ ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა შესაძლებელია მათი თანხმობით.

2. ერთ-ერთი მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების გვარის შეცვლის საკითხი წყდება მშობლების შეთანხმებით, ხოლო მათი შეუთანხმებლობისას _ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. მამის მიერ სახელის და მშობლების მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში სრულწლოვანი შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა წარმოებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 84. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე უარის თქმა

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) მესამე პირთა ინტერესების შელახვის რეალური საფრთხე;

ბ) განმცხადებლის სურვილი, აირჩიოს გვარად ფსევდონიმი ან შექმნას ახალი გვარი;

გ) განმცხადებლის ეჭვმიტანილობა დანაშაულის ჩადენაში;

დ) განმცხადებლის ნასამართლობა დანაშაულის ჩადენისათვის _ თუ ნასამართლობა მოხსნილი არ არის.

    მუხლი 85. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შეტყობინება

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელმაც სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია მოახდინა, ვალდებულია 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ შინაგან საქმეთა ორგანოს განმცხადებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიღების ადგილის მიხედვით, აგრეთვე სამხედრო კომისარიატს განმცხადებლის აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

თავი X. გარდაცვალების რეგისტრაცია

    მუხლი 86. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველი

გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველია:

ა) გარდაცვალების შესახებ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი;

ბ) გარდაცვალების ფაქტის დადგენის, მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება;

გ) სასჯელის მომხდელი პირის გარდაცვალების შესახებ სასჯელის აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის უწყება;

დ) არასასამართლო (შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროები) და სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებით რეპრესირებულ პირთა გარდაცვალების შესახებ ცნობა;

ე) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საბუთი.

    მუხლი 87. გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი

1. გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს გარდაცვლილის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე სიკვდილის დადგომის ან გარდაცვალების რეგისტრაციისათვის საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. თუ პირი მგზავრობისას გარდაიცვალა, გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს გარდაცვლილის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 88. გარდაცვალების განცხადების ვალდებულება

პირის გარდაცვალების განცხადების ვალდებულება ეკისრებათ:

ა) გარდაცვლილის მეუღლეს;

ბ) გარდაცვლილის ოჯახის სხვა წევრებს;

გ) გარდაცვლილის ბინის ან სახლის მესაკუთრეს;

დ) გარდაცვალების დამსწრე პირს;

ე) შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციის წარმომადგენელს _ თუ პირი სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პანსიონატში, თავშესაფარში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გარდაიცვალა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს _ თუ ამ მუხლში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს გარდაცვალების თაობაზე და ეს ცნობილი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსათვის.

    მუხლი 89. გარდაცვალების რეგისტრაცია

1. გარდაცვალების შესახებ განცხადებული უნდა იქნეს გარდაცვალების ან გარდაცვლილის აღმოჩენის მომენტიდან 6 დღე-ღამის ვადაში.

2. სასამართლო წესით გარდაცვლილად ცნობილი, არასასამართლო (შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროები) და სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებით რეპრესირებულ პირთა, აგრეთვე არანაკლებ ერთი წლის წინ გარდაცვლილ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია შესრულდება გარდაცვალების რეგისტრაციის ცალკე წიგნში.

3. სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გარდაცვალების რეგისტრაციისას მისი გარდაცვალების თარიღად ჩაითვლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, თუ გადაწყვეტილებაში სხვა რამ არ არის მითითებული.

    მუხლი 90. გარდაცვალების აქტის ჩაწერის ფორმა

გარდაცვალების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, სქესი, გარდაცვალების თარიღი და ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

ბ) გარდაცვალების მიზეზი;

გ) გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

დ) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, აგრეთვე კავშირი გარდაცვლილთან;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი, მისი გაცემის თარიღი.

    მუხლი 91. გარდაცვალების მოწმობის ფორმა

გარდაცვალების მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, გარდაცვალების თარიღი და ადგილი, გარდაცვლილის ასაკი;

ბ) გარდაცვალების მიზეზი;

გ) გარდაცვალების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;

დ) გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი;

ე) მოწმობის გაცემის თარიღი.

    მუხლი 92. გარდაცვალების რეგისტრაცია განსაკუთრებულ შემთხვევებში

1. სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპულ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება შესრულდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურეთა გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება შესრულდეს იმ სამხედრო კომისარიატების უწყებების მიხედვით, სადაც ისინი აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ იმ სამხედრო ნაწილების სარდლობის უწყებების მიხედვით, სადაც სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურს.

თავი XI. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაცია

    მუხლი 93. განცხადება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მოქალაქეობის შეცვლის თაობაზე

მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაცია ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. განცხადება ამის შესახებ უნდა გააკეთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა.

    მუხლი 94. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი

მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.

    მუხლი 95. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების აქტის ჩაწერის ფორმა

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) იმ ქვეყნის დასახელება, რომლის მოქალაქეც იყო;

დ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების აქტის რეგისტრაციის საფუძველი;

ე) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძველი;

ვ) მონაცემები მეუღლის, შვილებისა და მშობლების შესახებ;

ზ) საცხოვრებელი ადგილი საქართველოში.

    მუხლი 96. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის აქტის ჩაწერის ფორმა

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვამდე;

გ) პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ;

დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის აქტის რეგისტრაციის საფუძველი;

ე) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საფუძველი;

ვ) მონაცემები მეუღლის, შვილებისა და მშობლების შესახებ;

ზ) საცხოვრებელი ადგილი საქართველოში;

თ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი, მისი გაცემის თარიღი და ადგილი.

    მუხლი 97. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის აქტის ჩაწერის ფორმა

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის აქტის რეგისტრაციის საფუძველი;

დ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველი;

ე) მონაცემები მეუღლის, შვილებისა და მშობლების შესახებ;

ვ) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი, მისი გაცემის თარიღი და ადგილი.

    მუხლი 98. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის აქტის ჩაწერის ფორმა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის აქტის რეგისტრაციის საფუძველი;

დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი;

ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი, მისი გაცემის თარიღი და ადგილი.

    მუხლი 99. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი

1. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ან აღდგენის შემთხვევაში ამ აქტების რეგისტრაციას აწარმოებს მოქალაქეობის მოპოვების ან აღდგენის დროს მითითებული საცხოვრებელი ადგილის მომსახურე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში ამ აქტების რეგისტრაციას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება ამ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 100. სახელმწიფო ბაჟი მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციისათვის

მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“.

    მუხლი 101. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში ამ პირთა მიმართ შესრულებულ ყველა სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა „გასულია საქართველოს მოქალაქეობიდან“ ან „დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა“, მიეთითება საფუძველი და თარიღი.

    მუხლი 102. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის შეტყობინება

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელმაც მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაცია მოახდინა, ვალდებულია 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხედრო კომისარიატს.

თავი XII. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა

    მუხლი 103. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებასა და შეცვლას აწარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო საკმარისი საფუძვლების არსებობისას და დაინტერესებულ პირთა შორის დავის არარსებობის შემთხვევაში.

2. დაინტერესებულ პირთა შორის დავის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებისა და შეცვლის საკითხი წყდება სასამართლო წესით.

    მუხლი 104. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საფუძველი

სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საფუძველია:

ა) შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი;

ბ) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი;

გ) დედის განცხადება და ქორწინების აქტის ჩანაწერი _ შვილად აყვანისას და მამობის დადგენისას ბავშვის გვარის შეცვლის შემთხვევაში;

დ) დედის განცხადება და განქორწინების აქტის ჩანაწერი _ შვილად აყვანისას ბავშვის გვარის შეცვლის შემთხვევაში;

ე) ბავშვის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება;

ვ) დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის, მათი შეცვლის ან ამოღების თაობაზე ბავშვის მამასთან დაუქორწინებელი დედის, აგრეთვე სრულწლოვანი ბავშვის განცხადება;

ზ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი _ არასრულწლოვანი შვილების დაბადების შესახებ ჩანაწერების შეცვლის შემთხვევაში;

თ) სასამართლოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

თ.ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში უსწორობის დადგენის შესახებ;

თ.ბ) დაბადების აქტის ჩანაწერიდან ბავშვის მამის ან დედის თაობაზე მონაცემების ამოღების შესახებ;

თ.გ) მამობის დადგენის თაობაზე სასამართლოს ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;

თ.დ) შვილად აყვანის გაუქმების შესახებ;

თ.ე) ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ;

თ.ვ) სასამართლოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება;

ი) წინასწარი გამოძიების ან მოკვლევის ორგანოების მიერ გაცემული ამოცნობის ოქმი _ იმ გარდაცვლილის პიროვნების დადგენისას, რომლის როგორც უცნობის გარდაცვალებაც რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში;

კ) პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ლ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადასტურებული (გაცემული) დასკვნა.

    მუხლი 105. არასრულწლოვანი ბავშვის სახელისა და გვარის შესწორება

მშობელთა განცხადებას დაბადების აქტის ჩანაწერში 7 წლამდე ბავშვის სახელის ან გვარის შესწორების შესახებ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ დაბადების რეგისტრაციის დროს ბავშვის სახელი ან გვარი ჩაწერილია მშობლების (მშობლის) სურვილის გაუთვალისწინებლად, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.

    მუხლი 106. დასკვნა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნას ადგენს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულია არასწორი ან არასრული მონაცემები;

ბ) თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას დაშვებული იქნა შეცდომები;

გ) თუ დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულია ბავშვის არასრული სახელი;

დ) თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით აუცილებელია სახელის, მამის სახელის, გვარის შესწორება;

ე) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით;

თ) სხვა შემთხვევებში.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დასკვნა შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ მისი მართლზომიერების დასადასტურებლად წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში _ შესაბამის იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 107. განცხადება სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ამ კანონის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადება სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის ან შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით წარედგინება იმ პირის სურვილის შესაბამისად, რომლის მიმართაც შესრულებული იყო ეს ჩანაწერი. სქესის შეცვლასთან დაკავშირებით სახელის, მამის სახელის, გვარის შესწორების შემთხვევაში განცხადება აგრეთვე შეიძლება წარდგენილ იქნეს სქესის შეცვლის თაობაზე დასკვნის გამცემი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები არასრულწლოვან ბავშვთა მიმართ შესწორდება და შეიცვლება მათი მშობლების, მშვილებლების, მეურვეებისა და მზრუნველების განცხადებების შესაბამისად.

3. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები კანონით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ ცნობილ პირთა მიმართ შესწორდება და შეიცვლება მათი მეურვეების განცხადებების შესაბამისად.

4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები გარდაცვლილთა მიმართ შესწორდება და შეიცვლება მათი ნათესავებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა განცხადებების შესაბამისად.

    მუხლი 108. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები

სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებას თან ერთვის:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) სამოქალაქო აქტების მოწმობები, რომლებიც გამოსაცვლელია შესწორებასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის აუცილებლობის დამადასტურებელი საბუთები.

    მუხლი 109. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადების განხილვა

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ უნდა დაასრულოს განცხადების წარმოდგენის დღიდან 2 თვის ვადაში. საპატიო მიზეზების არსებობისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ხელმძღვანელმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს, მაგრამ არა უმეტეს 2 თვით.

2. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გამოთხოვილი საბუთების საფუძველზე შედგება დასკვნა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ ან მათ შეტანაზე უარის თქმის შესახებ (უარის მიზეზის მითითებით).

3. დასკვნას ხელს აწერს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ხელმძღვანელი და დაესმება ბეჭედი. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ დასკვნის მეორე ცალი გადაეცემა განმცხადებელს.

4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს განემარტება გასაჩივრების წესი, გადაეცემა დასკვნის მეორე ცალი და დაუბრუნდება მის მიერ წარმოდგენილი საბუთები.

    მუხლი 110. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით.

2. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა.

    მუხლი 111. შეტყობინება სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შეტანილი შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ 3 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში _ შესაბამის იუსტიციის სამინისტროს.

2. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი თუ ასაყვანი მოქალაქეების სახელის, მამის სახელის, გვარის, დაბადების ადგილისა და თარიღის შეცვლის შესახებ 7 დღის ვადაში ეცნობება სამხედრო კომისარიატებს მათი აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

    მუხლი 112. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა

1. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს.

2. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი XIII. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა და გაუქმება

    მუხლი 113. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა

დაბადების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლის, აგრეთვე გარდაცვალების შესახებ ჩანაწერების აღდგენას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განმცხადებლის სურვილის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის ან სამოქალაქო აქტის დაკარგული ჩანაწერის შესრულების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 114. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის აღდგენის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი

სამოქალაქო აქტის ჩანაწერის აღდგენის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პირველადი (აღსადგენი) ჩანაწერის უქონლობის შესახებ.

    მუხლი 115. სამოქალაქო აქტის აღსადგენი ჩანაწერის შედგენა და მოწმობის გაცემა

1. სამოქალაქო აქტის აღსადგენი ჩანაწერი შედგება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის შემოსვლის ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში.

2. აღდგენილი ჩანაწერის საფუძველზე მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა აღნიშვნით ჩანაწერის აღდგენის თაობაზე.

    მუხლი 116. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის გაუქმება

1. სამოქალაქო აქტის პირველად და აღდგენილ ჩანაწერებს აუქმებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასაუქმებელი ჩანაწერის შესრულების ადგილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი გაუქმდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლის შემოსვლის ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში.

თავი XIV. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების (სარეგისტაციო წიგნების) შენახვისა და განმეორებითი მოწმობების გაცემის წესი

    მუხლი 117. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების (სარეგისტრაციო წიგნების) ფორმირება

1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების როგორც პირველი, ისე მეორე ცალები ქრონოლოგიური წესით ფორმირდება წიგნებად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოს მიერ, რომელსაც ევალება მათი შენახვა.

2. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების ფორმირების წესი დადგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 118. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის ადგილი

სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების პირველი ცალები ინახება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში, ხოლო მეორე ცალები _ შესაბამის სახელმწიფო საარქივო დაწესებულებაში.

    მუხლი 119. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ცალების გადაცემის წესი

სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ცალების სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებში გადაცემისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემდგომი გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ერთობლივად.

    მუხლი 120. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის ვადები

1. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში ინახება 100 წლის განმავლობაში მათი შესრულების დღიდან.

2. 100 წლის გასვლის შემდეგ, სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების პირველ ცალებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო გადასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტრო პირველ ცალებს მოკლებული და გამოუსწორებლად დაზიანებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ცალებით გამოცვლის გზით ამზადებს სახელმწიფო არქივში ჩასაბარებლად.

3. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების პირველი ცალების სახელმწიფო არქივში ჩაბარების შემდეგ მეორე ცალები ნადგურდება. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ აქტს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 121. სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის უზრუნველყოფა

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს საარქივო ფონდის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად სამოქალაქო აქტების სათანადო შენახვა.

2. გარეშე პირების საარქივო საცავში შესვლა და მათ მიერ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გაცნობა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების ჩანაწერების გაცნობა დასაშვებია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მეურვეობისა და მზრუნველობის, ნოტარიატის, პროკურატურის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა ორგანოების, აგრეთვე სასამართლოებისა და იუსტიციის ორგანოების მოთხოვნით მათ გადაეგზავნებათ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლები. აუცილებლობის შემთხვევაში წინასწარი გამოძიების ან მოკვლევის ორგანოების დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასცემს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დედანს, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება. მოქალაქეებისათვის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლების გადაცემა აკრძალულია.

4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების შენახვის სათანადო პირობების შექმნას უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები.

    მუხლი 122. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემა

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებით მოწმობებს გასცემს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მასში შენახული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების საფუძველზე.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები გაიცემა პირებზე, რომელთა სახელზედაც შედგენილია სამოქალაქო აქტების ჩანაწერები, მათი განცხადების საფუძველზე და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისას. გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს მის კანონით თუ ანდერძით მემკვიდრეებზე.

3. ქმედუუნარო პირთა მიმართ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები გაიცემა მათ მეურვეებზე.

4. დაბადების განმეორებითი მოწმობები გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე.

5. პირებზე, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები, აგრეთვე მშობლებზე, რომელთაც მიცემული აქვთ თანხმობა თავისი ბავშვის შვილად აყვანაზე, არ გაიცემა იმ შვილების დაბადების განმეორებითი მოწმობები, რომელთა მიმართაც მათ ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები ან მიცემული აქვთ თანხმობა შვილად აყვანაზე.

6. გარდაცვალების განმეორებითი მოწმობები გაიცემა გარდაცვლილთა ნათესავებზე და სხვა დაინტერესებულ პირებზე.

7. განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2-6 პუნქტებით გაუთვალისწინებელ სხვა პირებზედაც, სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე.

8. განქორწინების შემთხვევაში ქორწინების განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს აღნიშვნით განქორწინების შესახებ.

9. იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც პირადად მიმართეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, განმეორებითი მოწმობები გაიცემა მიმართვის დღეს.

10. წერილობითი მოთხოვნით განმეორებითი მოწმობა გაიგზავნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის თაობაზეც მას ეცნობება. სამხედრო მოსამსახურეთა განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირებზე განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი დაწესებულების უფროსს.

11. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები ამოიწერება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში შენახული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესაბამისად ან სახელმწიფო არქივიდან მიღებული ცნობების საფუძველზე.

12. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში შემოწმება წარმოებს სამოქალაქო რეგისტრაციის წიგნების მეორე ცალების მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არარსებობა დასტურდება ცნობით.

თავი XV. დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 123. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში წარდგენილი განცხადებები და თანდართული საბუთები განიხილება ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი წესის შესაბამისად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს ინსტრუქცია „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“.

    მუხლი 124. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 14 იანვრიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოს სსრ მმაჩის ორგანოებში სამოქალაქო მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო დავთრებისა და მეტრიკული დავთრების შენახვის პირობების, აგრეთვე სახელმწიფო არქივში შესანახად ამ დავთრების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის 20 მარტის №129 დადგენილება;

ბ) „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის №133 დადგენილება;

გ) „იმ თანამდებობათა ნომენკლატურის გაფართოების შესახებ, რომლებიც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სპეციალისტებს უნდა ეკავოთ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 15 თებერვლის №76 დადგენილება;

დ) „მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერი ბიუროს (მმაჩის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 19 ნოემბრის №675 დადგენილება;

ე) „საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროსთან საწესჩვეულებო მომსახურების სამმართველოსა და რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მთელი ქვედანაყოფების შექმნის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 22 მარტის №196 დადგენილება;

ვ) „მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული მოქალაქეთა ასაკის დამდგენი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 7 ივნისის №403 დადგენილება.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 15 ოქტომბერი.

1644-Iს

 

15. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5562 - ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011 14. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 13. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4051-რს - სსმ, 76, 29/12/2010 12. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3656-IIს - სსმ, 53, 11/10/2010 11. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 10. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3358 - სსმ, 41, 21/07/2010 9. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2952 - სსმ, 23, 04/05/2010 8. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2715 - სსმ, 12, 24/03/2010 7. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2317 - სსმ, 46, 22/12/2009 6. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1392 - სსმ, 21, 03/08/2009 5. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1329 - სსმ, 14, 03/07/2009 4. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5972 - სსმ, 9, 04/04/2008 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3135 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2624 - სსმ, 3, 16/01/2006 1. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 184 - სსმ, 19, 15/07/2004